„ჩემი საოცნებო ტრანსფერია“ | პეტ ნევინს კვარას ჩელსიში ხილვა სურს
პეტ ნევინი „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელია და „ლურჯების“ ღირსებას 1983-88 წლებში იცავდა. შოტლანდიელმა გარემარბმა „არისტოკრატების“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და დაასახელა მოთამაშე, რომლის ხილვაც ლონდონელთა რიგებში სურს.
„ამ ზაფხულს, ჩელსიში ჩემი საოცნებო ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის შესანიშნავი მოთამაშე და ბრწყინვალე პიროვნებაა. კვარაცხელიას აქვს, როგორც ძველი სკოლის, ისე თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ხვიჩა საქართველოს ნაკრებსა და ნაპოლიში წარმატებით ასპარეზობს. გადაიყვანეთ ტოპ დონის გუნდში და შეეძლება, კიდევ უფრო განსაკუთრებული იყოს. მას პრემიერ ლიგაში სიამოვნებით ვიხილავდით. თუ ჩელსის ერთი დიდი ტრანსფერის დახურვა შეუძლია, კვარა უნდა გაიფორმოს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს. კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები კვირებია მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები საერთო ენას ვერ პოულობენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველი შემტევის გარემოცვა ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს ითხოვს, „ნაპოლი“ კი მზადაა კვარას წლიურად 5.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.