„თოფურია VS მახაჩევი? ილიასთვის ეს ძალიან ადრეა“ | UFC-ის ყოფილი მებრძოლი
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ამჟამად, ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა, საკუთარ იუთუბ არხზე იუთუბერ მაიკ ჰარინგტონთან ერთად ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
თავდაპირველად, ჰარინგტონმა აღნიშნა, რომ „სფეროში“, თოფურიასა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლა საინტერესო იქნებოდა, რომელიც ყველა რეკორდს მოხსნიდა, თუმცა, ბისპინგმა ჰარინგტონის აზრი არ მოიწონა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ორი წონის ჩემპიონობას ჯერჯერობით, არ იმსახურებს.
მაიკ ჰარინგტონი:
„UFC სფერო“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ღონისძიება იქნება. თოფურიამ რამდენჯერმე გამოხატა მსუბუქ წონაში გადასვლის ინტერესი. სფეროში მისი და ისლამის ჩხუბი საკმაოდ ხმაურიანი იქნება და შესაძლოა, ყველა რეკორდიც მოხსნას“.
მაიკლ ბისპინგი:
„27 წლის მებრძოლისთვის ჯერ ძალიან ადრეა ორი დივიზიონის ჩემპიონობა. თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქამარს პირველად დაიცავს და ამასთან, სანამ ის მაღალ წონაში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, ტიტული მინიმუმ სამჯერ უნდა დაიცვას“.
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ყველამ კარგად იცის, რომ ტიტული რამდენჯერმე უნდა დაიცვას. შეუძლებელია, მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო და შემდეგ თქვა - „ახლავე მინდა შემდეგი“. არავითარ შემთხვევაში! ეს ასე არ მუშაობს... ეს ყველა სხვა კანდიდატის მიმართ დიდი უსამართლობა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქედ მაქს ჰოლოუეი მოიაზრება, ბრძოლაზე კი მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ თოფურიამ განაცხადა, რომ UFC-სგან სატელეფონო ზარი მიიღო, რა დროსაც განუცხადეს, რომ ჰოლოუეის ოჯახური პრობლემები ჰქონდა, წონის კლება უჭირდა და მსუბუქ წონით დივიზიონში უნდოდა ჩხუბი. სწორედ ესაა მიზეზები, რომელთა გამოც მათი ბრძოლა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.