ფრანგული მედია: პსჟ-მა კვარაზე უარი თქვა და უფრო იაფიანი გამოსავალი იპოვა
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შანსები სულ უფრო მცირდება.
ცნობილი ფრანგული გამოცემა Butfootballclub.fr-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ „ნაპოლი“ ქართველი შემტევის გაშვებას არ აპირებს, პარიზულმა კლუბმა მიმდინარე წელს კვარას დამატებაზე უარი თქვა და მის შეძენას 2025 წლის ზაფხულში ეცდება.
სანაცვლოდ, პარიზელებმა გეგმა ბ აამოქმედეს, რაც „ლიდს იუნაიტედიდან“ სამერვილის დამატებას გულისხმობს. პსჟ-ს ხვიჩასთან შედარებით, ნიდერლანდელი გარემარბის ყიდვა ბევრად იაფი დაუჯდება. Transfermarkt-ის ვერსიით, სამერვილის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
გავრცელებული ცნობებით, პარიზული გუნდი მზად იყო „ნაპოლისთვის“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისს და გუნდის ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მომავალ სეზონში ახალი გუნდი ხვიჩას გარშემო ააშენონ. ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, რომ მომავალ წელს პარიზელები კვლავ ეცდებიან კვარაცხელიას შეძენა და დიდი ალბათობით, „ნაპოლის“ გაზრდილ თანხასაც შესთავაზებენ.
ნეაპოლური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აქტიურად აწარმოებს, თუმცა, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველი შემტევის გარემოცვა ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს ითხოვს, „ნაპოლი“ კი მზადაა კვარას წლიურად 5 მილიონი ევრო გადაუხადოს.