ოფიციალურად - პედრისთვის ევრო 2024 დასრულებულია
ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანეთმა უმძიმეს ბრძოლაში გერმანია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩის მიმდინარეობისას, ტონი კროოსი პედრის დაეჯახა და ესპანელი ნახევარმცველი მოედნიდან გაიყვანეს. ბარსას ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.
როგორც აღმოჩნდა, პედრის დაზიანება იმაზე მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად მედიკოსები ვარაუდობდნენ.
21 წლის ნახევარმცველისთვის მიმდინარე ევრო 2024 დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა და თან პედრის სიტყვები დაურთო:
„აქ ბოლომდე დავრჩები, რადგან ოცნება გრძელდება. ჩემთვის უმძიმესმა მომენტმა ჩაიარა. მალე ბარსასთან ერთად სრული ძალებით ვიქნები. ახლა მზად ვართ ჩვენი ოცნებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ოჯახი ვართ. ნება მომეცით ვთქვა. მადლობა ტონი შენი შეტყობინებისთვის. ეს ფეხბურთია და ხანდახან ასე ხდება. შენი კარიერა და შენი რეკორდი სამუდამოდ დარჩება.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 9 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, ფურია როხას მამლებთან დისკვალიფიკაციის გამო დანი კარვახალიც დააკლდება.