კობიაშვილი: პორტუგალიასთან გქვონდა რწმენა და ამ რწმენას მოთამაშეები გვაძლევენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე'' სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესახებ ისაუბრა.
„წარმოუდგენელია რა სიტყვები უნდა ვიხმარო ან როგორ უნდა ავსახო, რომ მთლიანად შევავსო ეს ყველაფერი, ეს ემოცია, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით. წარმოუდგენელი სიამაყის გრძნობაა. ლოგიკურია რომ არსებობდა იმის მოლოდინი, რომ პატარა ქვეყანა პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ადვილად დამარცხდებიან. გასაგებია რომ ეს მოლოდინი ვიღაცებს ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ იქ ყოფნით ევროპის ჩემპიონატი უფრო ძლიერი, საინტერესო და სანახაობრივი გავხადეთ. ასევე ვფიქრობ ჩვენს გულშემატკივრებზე.
თქვენ რომ ხედავდეთ ეს ბიჭები როგორ ემზადებიან, არ გაგიკვირდებოდათ ნაკრების ეს წარმატება. პორტუგალიასთან თამაშის დღეს ცხადია ნაკრებთან ერთად ვიყავი. როცა ბიჭები დილას ვნახე, ასეთი მშვიდი არასდროს ვყოფილვარ. მქონდა რწმენა და ამ რწმენას მოთამაშეები გვაძლევენ. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლო არაა, ამას თავისი გაგრძელებები ექნება.
წლების დაგროვილი ტვირთი, რაც თითოეულ ჩვენგანს გვქონდა, წლები გადიოდა და ეს ყველაფერი მძიმდებოდა. ეს ტვირთი მოვიხსენით, უფრო თავისუფლები გავხდით. გვინდოდა ეს ყველაფერი ჩვენი თვალებით გვენახა, ჩვენთან გვენახა. უდიდესი რამ მოხდა''.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ევრო 2024-ზე პორტუგალიას სენსაციურად მოუგო და ჯგუფური ეტაპი დაძლია, რაც დებიუტანტი ნაკრებისთვის უდიდესი წარმატებაა. 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის მთავარ ფავორიტთან, ესპანეთთან დამარცხდა, ამ თამაშზე დიდი გავლენა VAR-ის საკამათო გადაწყვეტილებამ და ოთარ კიტეიშვილის ტრავმამ მოახდინა.