გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა: 100%-ით დარწმუნებული ვარ, ქომაგების გარეშე ამას ვერ შევძლებდით

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში („სპორტი იმედზე'') ჩართვისას ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე გამოსვლასა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

მამარდაშვილი: „ევროპის ჩემპიონატამდე ვამბობდით, რომ გერმანიაში ტურისტებად არ ჩავდიოდით, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ. ეს ყველაფერი მაღალ დონეზე დავამტკიცეთ, მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ. ახლაც ამბობენ ევროპაში, რომ დააბრუნეთ საქართველოო. ეს ყვალაფერი ძალიან საამაყოა. ამბობდნენ რომ საქართველო წნეხის გარეშე ითამაშებსო, ეს ასე არ იყო, რადგან ქართველი ხალხი ამბიციურია, სულ მოგება უნდა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე თამაშობ. რა თქმა უნდა ეს წნეხი იყო, მაგრამ ასევე იყო დიდი ქომაგობა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არა ქომაგები, ასე მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებდით’’.

მამარდამ „ბაიერნზეც’’ ისაუბრა, 2023 წლის ზაფხულში მისი გადაბირება გერმანულ გრანდს სურდა: „მაშინ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, ახლა კი მათ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ვიდრე იქ ნოიერი იქნება, არმგონია რომ „ბაიერნში’’ წავიდე, რადგან სკამზე დაჯდომას არ ვაპირებ, სათამაშო დრო მჭირდება. მე როცა ვთამაშობ, მაშინ ბედნიერი ვარ და არ მიმაჩნია, რომ სადმე სკამზე უნდა დავჯდე. შესაძლოა „ვალენსიაში’’ დავრჩე, შესაძლოა არ დავრჩე. ჯერ დავისვენებ, შემდეგ კი ჩემს მომავალს კლუბთან, ოჯახთან და მენეჯერთან ერთად გადავწყვეტ’’.

ევრო 2024-ზე გიორგი მამარდაშვილმა შთამბეჭდავად ითამაშა, საქართველოს ნაკრების 1/8-ფინალში გასვლაში მისი როლი უდიდესია. ევროპის ჩემპიონატზე 30 „სეივი’’ შეასრულა. ერთ ევროპის ჩემპიონატზე მასზე მეტი „სეივი’’ მხოლოდ იგორ აკინფეევის აქტივშია (32 „სეივი’’, ევრო 2008). მამარდა ფრანჩესკო ტოლდოს გაუთანაბრდა, იტალიელი ევრო 2000-ზე 30 „სეივით’’ დაეხმარა გუნდს. ასევე, ქართველმა მეკარემ პიტერ შმეიხელსა (27 „სეივი’’, 1992) და ლუის არკონადას (24 „სეივი’’, 1984) აჯობა. აღნიშნული სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული ყველა ევროპის ჩემპიონატს მოიცავს.

ასევე გეტყვით რომ მამარდა ჩეხეთთან (1:1) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის აქტივში 11 „სეივი'' იყო. ეს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მეორე საუკეთესო შედეგია. მეკარე, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი სეივი შეუსრულებია, ალექსანდრს კოლინკო გახლავთ (12 სეივი 2004 წელს), მეორე ადგილს ფრანჩესკო ტოლდო, შეი გივენი და გიორგი მამარდაშვილი იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები