ლაშა დვალი იაპონიაში? - აპოელი-ი დარჩენას და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
იაპონელი „ინსაიდერის’’, მარკო მოლას ინფორმაციით, იაპონური „ურავა რედ დაიმონდსი’’ 29 წლის ცენტრალური მცველით, ლაშა დვალით დაინტერესდა. კლუბი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს და მათ სიაში ქართველი მცველი მოხვდა, რომელმაც ევრო 2024-ზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
„ურავა რედ დაიმონდსის’’ მთავარი მწვრთნელი ცნობილი ნორვეგიელი სპეციალისტი პერ-მატიას ჰოგმოა. გუნდში მეტწილად იაპონელი ფეხბურთელები თამაშობენ. იაპონიის ელიტარულ ჩემპიონატში, J1 ლიგაში, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობს, „ურავა რედ დაიმონდსი’’ 32 ქულით მე-9 ადგილზეა.
ამავდროულად, კვიპროსული მედიის ინფორმაციით, აპოელ-ის მმართველი პროდრომოს პეტრიდისი გეგმავს, რომ ლაშას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, ცხადია გაუმჯობესებული პირობებით.
ლაშა დვალი 2022 წლის ზაფხულიდან აპოელ-ის ფეხბურთელია, გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონი გახდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.