მანუელ ნოიერი, დანი ოლმო, მიკელ მერინო
Aa
Aa

იამალი, კანტე, ნოიერი | ევროს მე-18 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-18 სათამაშო დღეს, ესპანეთი-გერმანიისა და პორტუგალია-საფრანგეთის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

ესპანეთის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო - აქამდე მხოლოდ ორი ნაკრებია, რომელმაც კონკრეტულ ევროზე, პენალტების გარეშე, მიჯრით ამდენი გამარჯვება იზეიმა: საფრანგეთი - 1984-ში და იტალია - 2020-ში, ორივე ეს გუნდი შემდეგ ჩემპიონი გახდა.

მიკელ მერინომ, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-3 ყველაზე გვიანი გამარჯვების გოლი გაიტანა: არტემ დოვბიკი - 120:36 (შვედეთთან, ევრო 2020-ზე); მიშელ პლატინი - 118:53 (პორტუგალიასთან, ევრო 1984-ზე) და მიკელ მერინო - 118:52 (გერმანიასთან; ევრო 2024-ზე).

გერმანიის ნაკრებმა, ევროს პლეი-ოფში, ბოლო 4-დან 3 მატჩი წააგო, რაც იმდენივე მარცხია, რამდენიც წინა 12 შეხვედრაში ჰქონდა - 7 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება.

ესპანეთის ნაკრები ევროს 1/2 ფინალში მე-6-ედ გავიდა, რაც, გერმანიის შემდეგ (8), ტურნირის 64-წლიან ისტორიაში, საფრანგეთთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია.

ესპანეთი-გერმანიის მატჩში 39 ჯარიმა დაფიქსირდა, რაც, ევროს ისტორიაში, მე-2 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩამორჩება ხორვატია-პორტუგალიას (ევრო 2016) – 40 ჯარიმა.

ესპანეთი-გერმანიის მატჩში მსაჯმა 15 ბარათი (14 ყვითელი და 1 წითელი) გამოიყენა, რაც, ევროს ისტორიაში, მე-2 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩამორჩება ამავე ტურნირზე გამართულ ჩეხეთი-თურქეთს - 18 ბარათი (16 ყვითელი და 2 წითელი).

დანი ოლმო პირველი ესპანელია, რომელმაც ევროს კონკრეტულ გათამაშებაზე ცვლილებიდან გამოსულმა მინიმუმ 2 გოლი შეაგდო. დიდი ტურნირების ეგიდით, ფერნანდო მორიენტესისა (2002) და ალვარო მორატას (2022) შემდეგ, მე-3-ეა, ვისაც ასეთი რამ გაუკეთებია.

დანი ოლმოს, ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 5 (2 გოლი და 3 ასისტი. ანალოგიური შედეგი მხოლოდ ცესკ ფაბრეგასს აქვს.

ლამინე იამალი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დიდი ტურნირის კონკრეტულ გათამაშებაზე 3 საგოლე გადაცემა 16 წლის ასაკში გააკეთა.

ლამინე იამალი მე-4 ესპანელია, რომელმაც ევროს კონკრეტულ გათამაშებაში 3 ან მეტი ასისტი შეასრულა: ცესკ ფაბრეგასი (ევრო 2008); დავიდ სილვა (ევრო 2012); დანი ოლმო (ევრო 2020) და ლამინე იამალი (ევრო 2024).

21 წლისა და 63 დღის ასაკში, ფლორიან ვირცი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გერმანელია, რომელმაც ევროს პლეი-ოფის მატჩში გოლი გაიტანა. დიდ ტურნირებზე მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ თომას მიულერს აქვს - 20 წელი და 300 დღე (2010-ის მსოფლიოზე).

ესპანეთი-გერმანიის მატჩი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-3-ეა, რომელშიც ცვლილებაზე გამოსულმა სამმა ფეხბურთელმა გაიტანა: რუსეთი-ჩეხეთი (ევრო 1996); იტალია-ავსტრია (ევრო 2020) და ხორვატია-ესპანეთი (ევრო 2020).

მანუელ ნოიერმა, დიდი ტურნირების ეგიდით, 39-ე მატჩი ჩაატარა, რაც ისტორიაში მე-2 შედეგია - კრიშტიანუ რონალდუს 51 აქვს.

მანუელ ნოიერმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ეგიდით, მე-20 მატჩი ჩაატარა, რაც მე-3 შედეგია - პეპე (22) და რონალდუ (29).

ლეროი ზანე 21-ე გერმანელია, რომელმაც ევროს ფინალურ ეტაპზე მინიმუმ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ნაკრები ევროს 1/2 ფინალში მე-6-ედ გავიდა, რაც, გერმანიის შემდეგ (8), ტურნირის 64-წლიან ისტორიაში, ესპანეთთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია.

საფრანგეთის ნაკრები ბოლო 5-დან 4 დიდი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა - გამონაკლისი მხოლოდ ევრო 2020 იყო, როცა 1/8 ფინალში დამარცხდნენ.

საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიას ბოლო 15-დან 12 მატჩი მოუგო - 2 ფრე და 1 წაგება. ეს ერთადერთი მარცხი ევრო 2016-ის ფინალია.

საფრანგეთის ნაკრები ევროს 1/2 ფინალში ისე გავიდა, რომ 3 გოლი აქვს გატანილი, აქედან 2 - ავტოგოლი და 1 პენალტი. ტურნირის 64-წლიან ისტორიაში არ ყოფილა გუნდი, რომელიც ნახევარფინალურ ეტაპამდე ასე მივიდა.

პორტუგალიის ნაკრებმა ზედიზედ მე-3 მატჩი დაასრულა უგოლოდ - ბოლოს ასეთი რამ 1996-ის დეკემბერსა და 1997-ის მარტს შორის მოხდა.

პორტუგალიის ნაკრებს, ევროს ბოლო 15 მატჩიდან, პირველი ტაიმი მხოლოდ 1-ში აქვს მოგებული.

პორტუგალიის ნაკრების მონაწილეობით, ევროს პლეი-ოფში გამართული ბოლო 8-დან 6 მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

პორტუგალია-საფრანგეთის მატჩისას გუნდებმა ჯამურად 35 კარისკენ დარტყმა შეასრულეს. ტურნირის ისტორიაში ერთადერთხელ მოხდა, როცა გუნდებმა კარისკენ ამაზე მეტჯერ დაარტყეს და გოლი ვერ გაიტანეს - ინგლისი-იტალია (ევრო 2012).

პორტუგალიამ და საფრანგეთმა, ევროპის ჩემპიონატზე 5-დან 4-ჯერ დამატებითი დრო ითამაშეს - არც ერთ სხვა წყვილს ტურნირზე დამატებითი 2-ზე მეტჯერ არ უთამაშია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორედ მოხდა, როცა გუნდებმა პირველ ტაიმში კარისკენ საჯარიმოს შიგნიდან ვერ დაარტყეს - პირველად ეს ევრო 1984-ზე, ასევე პორტუგალია-საფრანგეთის (1/2 ფინალი) შეხვედრაში, მოხდა.

უსმან დემბელე თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო და თანაგუნდელებისთვის 6 შანსი შექმნა, რაც ევროს ისტორიაში, ცვლილებაზე გამოსულთაგან, ყველაზე მეტია - ასეთივე შედეგი ჰქონდა ცესკ ფაბრეგასს (რუსეთთან 1/2 ფინალში, ევრო 2008-ზე). დემბელემ მოედანზე 53 წუთი გაატარა, ფაბრეგასმა - 56.

ანტუან გრიზმანმა ევროს ფინალურ ეტაპზე მე-16 მატჩი ჩაატარა და, ფრანგებს შორის, რეკორდსმენ ლილიან ტურამს გაუთანაბრდა.

ნ’გოლო კანტემ ევროპის ჩემპიონატზე მე-13 მატჩი ჩაატარა და არც ერთში დამარცხებულა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები