მისთვის ევრო დასრულდა? პედრი ტრავმირებულია
ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასთან მეოთხედფინალის მოგება ძვირად დაუჯდა.
„ფურია როხამ“ 2:1 მოიგო და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება. მასპინძლებთან შეხვედრაში კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პედრი დაუშავდა და სავარაუდოდ ევროზე ვეღარ ითამაშებს.
As-ის ცნობით, პირველ ტაიმში კროოსთან შეჯახების დროს პედრიმ ტრავმა მიიღო და ის დანი ოლმომ შეცვალა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ესპანელს მყესები აქვს დაჭიმული, რასაც სრულად აღსადგენად მინიმუმ რამდენიმე კვირა სჭირდება, ეს კი ავტომატურად ტურნირზე მის თამაშს გამორიცხავს.
პირველადი დაკვირვების შედეგები ასეთია, თუმცა ესპანეთის ნაკრებში იმედი აქვთ, რომ მეორე გამოკვლევა გაცილებით მსუბუქ დაზიანებას აჩვენებს. საბოლოო პასუხი 7 ივლისს იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხას“ ნახევარფინალში პედრის გარდა გაფრთხილებების გამო კარვახალი, ლე ნორმანი და მორატა არ ეყოლება.