მამარდაშვილისთვის გზა იხსნება - ნოიერი ამერიკაში მიდის
ცოტა ხნის წინ, გიორგი მამარდაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულში „ბაიერნში“ გადაბარგების შანსი ჰქონდა, მაგრამ მიღებულ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან კარგად იცოდა, რომ იქ ძირითადში ადგილი დაჯავშნილი მანუელ ნოიერს აქვს და დუბლიორობის ვარიანტი არ ხიბლავდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ახლაც აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერში წასვლას ამჟამადაც არ აპირებს, რადგან ვეტერანი გერმანელი მეკარის პოზიციები ისევ მყარია.
თუმცა, ესპანელებთან ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის დაწყებამდე, ნოიერმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც შესაძლოა გიორგის მიუნხენისკენ გზა გაუხსნას. 38 წლის გოლკიპერმა აღნიშნა, რომ MLS-იდან საკმაოდ ბევრი შეთავაზება აქვს და ბასტიან შვაინშტაიგერთან გასაუბრების შემდეგ, ამ ვარიანტს სრულიად სერიოზულად განიხილავს. ნოიერმა ისიც დაამატა, რომ ამერიკელები მას წინადადებით რამდენიმე წლის წინაც მიმართეს, მაგრამ მაშინ რეკორდმაისტერის ორგანულ ნაწილად თვლიდა თავს და წასვლა კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ გარდა, „ვალენსიადან“ მამარდაშვილის გადაბირება ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს სურს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობას უკვე გამოეთიშა, მოგერიებული ბურთების რაოდენობით კი, 23 წლის გიორგი ჯერჯერობით კვლავაც ლიდერია.