დრამა პირველ მეოთხედფინალში | ესპანეთმა 119-ე წუთზე გაიტანა და ნახევარფინალშია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა ტურნირის მასპინძელს, გერმანიის ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთს შორის გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა - 1:1. დამატებითი დროის 119-ე წუთზე, ესპანეთმა გოლი გაიტანა და ნახევარფინალში გავიდა - 2:1.
შეხვედრა მძიმედ დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტი „ფურია როხას“ შეექმნა, მაგრამ პედრის დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია. მე-8 წუთზე, ლუის დე ლა ფუენტეს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია და პედრის ნაცვლად, მოედანზე დანი ოლმო გამოჩნდა.
21-ე და 35-ე წუთებზე, გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდა კაი ჰავერცს. „ბუნდესმანშაფტის“ თავდამსხმელი უნაი სიმონის კარს ორჯერ დაემუქრა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მეკარეს ვერც ერთხელ აჯობა. პირველი ნახევრის მიწურულს, გერმანელთა კარისკენ დანი ოლმომ დაარტყა, მაგრამ ნოიერი დამაჯერებელი იყო და გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლის გარეშე გავიდნენ - 0:0.
მეორე ტაიმის სტარტზე, ალვარო მორატას ბრწყინვალე მომენტი შეექმნა. „ფურია როხას“ კაპიტანმა საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ნოიერის კარს მცირე მანძილით ააცილა. შეხვედრაში ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა. ლამინ იამალმა ფლანგზე კარგად ითამაშა და დანი ოლმოს გაატანინა - 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ, გერმანია უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. 77-ე წუთზე, „ბუნდესმანშაფტი“ წონასწორობის აღდგენასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ნიკლას ფულკრუგის დარტყმა ძელს მოხვდა. 82-ე წუთზე, უნაი სიმონმა ბურთი თამაშში ძალიან ცუდად შეიყვანა და ჰავერცი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კაიმ ესპანელთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა.
89-ე წუთზე, გერმანიამ მიზანს მაინც მიაღწია. მაქსიმილიან მიტელშტადტის ჩაწოდების შემდეგ, მეორე სართულზე იოზუა კიმიხმა მოიგო დუელი და ბურთი ფლორიან ვირცს მიუვიდა, რომელმაც სიმონის კარი აიღო - 1:1.
პირველ დამატებით ტაიმში, ვირცს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. მეორე დამატებითი ტაიმის საწყის წუთებში, ჯამალ მუსიალას დარტყმა მარკ კუკურელიას ხელზე მოხვდა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა თერთმეტმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ დანიშნა. 118-ე წუთზე, სიმონმა საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა და ურთულესი ბურთი მოიგერია.
ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ნახევარფინალისტის ბედს თერთმეტმეტრიანების სერია გაარკვევდა, მაგრამ მიკელ მერინო სხვა აზრზე იყო. დანი ოლმოს ჩაწოდების შემდეგ, მერინომ ნოიერის კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
.