ლელოს გარეშე - ბორჯღალოსნებმა ფიჯისთან წააგეს
ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო - ინგლისელი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა მორაგბეებმა ფიჯის უმასპინძლეს და 12:21 დამარცხდნენ.
ივლისის პირველ სარაგბო მატჩს, რომელსაც ბათუმის სტადიონმა უმასპინძლა, ბორჯღალოსნები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. მთავარი დანაკლისი კი ბუნებრივია კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ტრავმა გახლდათ, რომლის არყოფნაშიც გუნდს მოედანზე ბექა გორგაძე გაუძღვა. ანგარიში მასპინძლებმა მეოთხე წუთზე ლუკა მატკავას საჯარიმოთი გახსნეს, რასაც სტუმრებმა მატას ლელოთი უპასუხეს. მატკავას კიდევ ერთ ჯარიმას კი დაკუვაქას მიერ მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება მოჰყვა. შესვენებამდე დარჩენილ თორმეტ წუთში მხარეებმა მატკავასა და ბოტიტუს სტანდარტები გაცვალეს და კუნძულელებმა პირველი ტაიმი 4-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.
რადიკალურად ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა - დაკუვაქამ ქართველების ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ აიღო, ხოლო ბოტიტუმ მეორე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა. რაც შეეხება მასპინძლებს, ისინი მეორე ნახევარში მხოლოდ მატკავას სტანდარტულით დაკმაყოფილდნენ და 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
ეს იყო ქართველ და ფიჯელ მორაგბეებს შორის მეშვიდე მატჩი და ჩვენ გუნდს მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს აქვს მოგებული, ამის მერე გამართული ხუთი თამაშიდან კი ერთი ფრედ დასრულდა და ოთხჯერ კუნძულელებმა გაიმარჯვეს. მომდევნო ტესტ-მატჩს რიჩარდ კოკერილის მიერ მომზადებული ბორჯღალოსნები 13 ივლისს სტუმრად იაპონელებთან ჩაატარებენ.