„ილია ჩემზე მაღლა როგორ დააყენეს?“ | შონ ომალი UFC-ის რეიტინგით უკმაყოფილოა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიაზე დაწერა. „შუგამ“ უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ UFC-ის Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში „ელ მატადორი“ მასზე მაღალ პოზიციას იკავებს.
„როგორ არის ილია ჩემზე მაღლა Pound-for-Pound რეიტინგში? საჩემპიონო ქამარი ჩემზე ნაკლებჯერ აქვს დაცული და 5 ინჩით (12 სანტიმეტრით) დაბალია. გთხოვთ, ამიხსენით“, - განაცხადა ომალიმ.
How’s Illia higher on p4p ? Less title defense and 5 inches shorter. Plz explain.
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) July 5, 2024
ცნობისთვის, UFC-ის Pound-for-Pound რეიტინგში ქართველი ჩემპიონი მე-5 პოზიციას იკავებს. ილიამ ეს ადგილი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა. რაც შეეხება ომალის, „შუგა“ მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. „ჩიტოს“ დამარცხების შემდეგ, „შუგამ“ განაცხადა, რომ ილიას გამოცდა სურდა, მაგრამ „ელ მატადორმა“ უპასუხა, ჯერ მერაბ დვალიშვილთან მოეგვარებინა ყველაფერი.