ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

კვარას კვლავ წასვლა სურს - დე ლაურენტისი ხვიჩაზე დიდ ზეწოლას ახდენს

ფრანგული Sport.Fr-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ვითარება არ იცვლება. კვარას პსჟ-ში გადასვლა სურს, თუმცა „ნაპოლის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს, პოზიციას არ იცვლის და კვარასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

თუ კვარა „ნაპოლიში’’ დარჩება, შემდეგი სეზონი მის კარიერაში პირველი იქნება, როცა ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს. მეტიც, „ნაპოლიმ’’ კონფერენს ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვა, თუმცა მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნა ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს, „პარტენოპეი’’ სკუდეტოსთვის ბრძოლას დაუბრუნდება.

დი მარციოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე არ შეთანხმებულან, კვარა არ იყიდება და შემდეგ სეზონს კვლავ „ნაპოლიში'' გაატარებს.

პსჟ მზადაა კვარაში 110 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ლაურენტისი უარს ამბობს. საქმეს ის ფაქტიც ართულებს, რომ კვარას მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ უწერია და „ნაპოლის'' პრეზიდენტი ყველა წინადადებას უარით პასუხობს.

დღეს Corriere dello Sport-მა კვარაზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

„კვარა ამჟამად წლიურად 1.8 მილიონს გამოიმუშავებს, დე ლაურენტისი მას ბონუსების ჩათვლით 5 მილიონს სთავაზობს, რომელიც წლების განმავლობაში 7 მილიონამდე ავა. კლუბი ამჟამინდელი კონტრაქტის 2027-დან 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. ფეხბურთელის რეაქცია ამჟამად უცნობია. მან „ნაპოლის'' პასუხი უნდა გასცეს, თანახმაა, თუ არა ახალ პირობებზე. ან ის რჩება ძველი კონტრაქტის მიხედვით. კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.

კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში ხელშეკრულების გაწყვეტის პუნქტის ჩამატებას და გამოსასყიდი თანხის დაფიქსირებას ითხოვს. კლუბს კი ამის თავიდან აცილება სურს და ახალი ხელშეკრულების თავისი პირობებით გაფორმებას ჩქარობენ. პარტენოპეის ხვიჩასგან თანხმობის მიღება სურს, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები