სანიოლი ბენზემასთან? საქართველოს ნაკრების მწვრთნელის არაბული ვარიანტი
ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენის, საქართველოს ნაკრების დამრიგებლის, ვილი სანიოლის მიმართ სხვადასხვა გუნდების ინტერესი უდიდესია და ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს მის შესანარჩუნებლად უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევთ. თუ აქამდე ფრანგი სპეციალისტით ძირითადად ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები ინტერესდებოდნენ, ახლა უკვე სხვა, უფრო სერიოზული ვარიანტი გამოჩნდა.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L’equipe-ის ცნობით, „ალ იტიჰადსა“ და სტეფანო პიოლის შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც საუდის არაბეთის კლუბი ალტერნატიულ ვარიანტს ეძებენ და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ სანიოლი მოიაზრება, რომლის სამწვრთნელო შესაძლებლობების შესახებ, სრულიად ლოგიკურად, ყველას მაღალი წარმოდგენა გაუჩნდა. საქართველოს ნაკრების დამრიგებელთან ერთად, ასევე არაბულ კლუბში დანიშვნის კანდიდატებად საფრანგეთის ქალთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი, „ლიონის“ ექს-თავკაცი ლორან ბლანი და კრისტოფ გალტიე მოიაზრება, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში მუშაობს და „ალ დუჰაილს“ ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პიოლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იმის გამო ჩაიშალა, რომ კლუბის პრეზიდენტმა მისი სატრანსფერო მოთხოვნის შესრულება ვერ შეძლო და „რენიდან“ ბელგიელი ლეგიონერის არტურ ტეატეს დამატება შეუსრულებელ ოცნებად დარჩა, რომელიც უპირატესობას ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებას ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ „ალ იტიჰადის“ მთავარი ვარსკვლავი სანიოლის თანამემამულე კარიმ ბენზემაა, რომელთან კონფლიქტის გამოც, კლუბის შეფებმა გასული სეზონის დასრულებისთანავე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარსელო გალიარდო გაანთავისუფლეს.