„ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“ | სტენ კოლიმორი საქართველოს ნაკრებზე
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა ევრო 2024-ის მერვედფინალური ეტაპი შეაფასა. კოლიმორს CaughtOffside-ის ვებგვერდზე საკუთარი სვეტი აქვს და საქართველოს ნაკრები შეაქო.
„საქართველო და თურქეთი არიან გუნდები, რომლებმაც პირადად ჩემზე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მიქაუტაძეს, კვარაცხელიასა და მათ თანაგუნდელებს ეტყობოდათ, რომ ბედნიერები და გახარებულები თამაშობდნენ. თუ ვინმემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი არ შეასრულა და რაღაც გრანდიოზული არ გააკეთა, ხალხი დამეთანხმება, რომ ქართველთა შემტევი სტილი ყველაზე სანახაობრივი და საუცხოო რამ იყო, რაც ვნახეთ.
ევროპის ჩემპიონატი ფესტივალი და საფეხბურთო ზეიმია, რომლის დროსაც, სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები ერთად იკრიბებიან და სიამოვნებას გვანიჭებენ. პირადად ჩემთვის, საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომლის თამაშებისთვისაც თვალი აუცილებლად უნდა გედევნებინა“.
შეგახსენებთ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა და ესპანეთს დაუპირისპირდა. „ფურია როხამ“ 4:1 იმარჯვა, რის შემდეგაც, „ჯვაროსნებმა“ ევრო 2024-ზე ასპარეზობა დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ქართველმა გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.