მარსელი მიქაუტაძეს დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია ქართველ თავდამსხმელზე
გიორგი მიქაუტაძეს ბევრი მსურველი ჰყავს და უცხოურ პრესაში, მის მომავალთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, La Provence-მა ქართველ თავდამსხმელზე დაწერა და „მარსელის“ ინტერესის შესახებ გვაუწყა.
როგორც ირკვევა, „მარსელი“ მიქაუტაძეს დაუკავშირდა და მომავალზე გაესაუბრა. გიორგი „სტად ველოდრომზე“ გადასვლის პერსპექტივით მოხიბლულია და კლუბის მმართველი საბჭო ტრანსფერის გაჩარხვაზე სერიოზულად ფიქრობს.
„მარსელის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელის გაფორმებას „მონაკო“ და „ლანსი“ განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „მონაკოსა“ და მიქაუტაძეს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებზე სიტყვიერი შეთანხმება შედგა, მაგრამ შემდეგ, ფავორიტად „ლანსი“ დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა, რის შემდეგაც „მეცში“ დაბრუნდა და ჯერ საფრანგეთის ლიგა 1-ში, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა.