ისტორიული ევროს შემდეგ - დეტალები მე-4 ერთა ლიგის შესახებ
ისტორიული და წარმატებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ, სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც წინა ტურნირზე კარგი ასპარეზობის ხარჯზე, B ლიგაში აინაცვლა და გაცილებით უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება. შეჯიბრებას ქართველი ფეხბურთელები 7 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით დაიწყებენ, რასაც სამ დღეში, 10 სექტემბერს სტუმრად ალბანელებთან დაპირისპირება მოჰყვება. შემოდგომის მეორე სანაკრებო ფანჯრის დროს, 11 და 14 ოქტომბერს, სანიოლის მომზადებული გუნდი სტუმრად უკრაინელებთან და შინ ალბანელებთან იასპარეზებენ. ნოემბერში კი, 16 და 19 რიცხვში ჯვაროსნები ჯგუფურ ეტაპს უკრაინელებთან საშინაო და ჩეხებთან საგარეო მატჩებით დაამთავრებენ.
რა დივიდენდებს მიიღებს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლაში, ჯერჯერობით უცნობია და ფორმატიც გაწერილი არ არის, ერთა ლიგის სტრუქტურა კი რა თქმა უნდა გარკვეულია. ჯგუფში ბოლო ადგილის დაკავების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი C ლიგაში დაქვეითდება, მეორე ან მესამე ადგილზე თუ გავა, აღზევება-დაქვეითებაზე პლეი ოფის თამაში მოუწევს, ჯგუფის მოგების შემთხვევაში კი რაღა თქმა უნდა A დივიზიონის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.
ერთა ლიგის სამ გათამაშებაში საერთო ჯამში ჩატარებული 18 მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 11 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი, სომხეთის ნაკრებთან საშინაო შეხვედრა წააგეს, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს თბილისში გაიმართა, ბურთების შეფარდება 34-11-ზეა ჩვენს სასარგებლოდ. ჩვიდმეტ თამაშში გოლით თოთხმეტმა, საგოლე პასით კი, თორმეტმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი 6 გოლით ხვიჩა კვარაცხელიაა, საგოლე პასების რაოდენობით კი, კვარა (3), ნიკოლოზ კვეკვესკირი (3) და ვაკო ყაზაიშვილი (3) ლიდერობენ.
რაც შეეხება მოახლოებულ ერთა ლიგის გათამაშებაში ჩვენს მეტოქეებს, ყველაზე მდიდარი ურთიერთშეხვედრების ისტორია ალბანეთის ნაკრებთან გვაქვს, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები აქამდე 14-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 7-ჯერ გაიმარჯვეს, 4 მატჩი ფრედ დაასრულეს და 3-ჯერ დამარცხდნენ, ბურთების შეფარდება 21:12-ზეა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ოცდაერთიდან ექვსი ბურთი ალბანელების კარში შოთა არველაძის ანგარიშზეა, 2-2 გოლი სამმა ფეხბურთელმა, თემურ ქეცბაიამ, ალექსანდრე იაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს, თითოჯერ კი „შკიპერების“ კარი მიხეილ ყაველაშვილმა, არჩილ არველაძემ, მიხეილ აშვეთიამ, გიორგი დემეტრაძემ, ლადო ბურდულმა, ლევან კობიაშვილმა ვლადიმერ დვალიშვილმა, სანდრო კობახიძემ და გიორგი ჭანტურიამ აიღეს.
ალბანელებისგან განსხვავებით, ქართველებს უარყოფითი ბალანსი აქვთ უკრაინელებთან. მეტსაც გეტყვით - ცხრა მატჩიდან ექვსში მეტოქემ გაიმარჯვა, სამი ფრედ დასრულდა და საქართველოს ნაკრებს ჯერ ერთხელაც არ მოუგია. ბურთების შეფარდება მინუს ათია - 6:16. ექვსივე გოლი სხვადასხვა ქართველი მოთამაშის, ლადო ბურდულის, გოგა გახოკიძის, შოთა არველაძის, გიორგი დემეტრაძის, დავით სირაძისა და მათე ვაწაძის ანგარიშზეა.
ჯგუფში მესამე მეტოქეს, ჩეხეთის გუნდს საქართველოს ნაკრები პირველად მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა და მისი პერიპეტიები გულშემატკივარს ძალიან კარგად ემახსოვრება. ჩეხებს კი ალბათ დღემდე მწარედ ახსოვთ გიორგი მამარდაშვილის სეივები, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.