დი მარციო: “ხვიჩა ამ სეზონში ნაპოლიში დარჩება“
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო თემაა.
ქართველი ფეხბურთელს პარი სენ ჟერმენი ეპატიჟება, ხოლო ნაპოლი მის გუნდში დატოვებას ცდილობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ნაპოლიში დარჩება.
რას წერს დი მარციო?
„მხარეებს შორის მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს. ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა რამდენიმე საათის წინ მილანში ხვიჩას აგენტს შეხვდა. მხარეები ეძებენ გზას, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის გახანგრძლივება მოხერხდება.
მიუხედავად იმისა, შედგება, თუ არა ახალ კონტრაქტზე შეთანხმება, კვარაცხელია ნაპოლიში დარჩება. როგორც უკვე კლუბმა განაცხადა ხვიჩა არ იყიდება. ანტონიო კონტე ქართველ შემტევს თავისი პროექტის მთავარ ფიგურად მიიჩნევს. კვარაცხელიას თავის გუნდთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.“
როგორც უკვე მოგახსენეთ, პსჟ-ს კვარას ყიდვა სურს და მის სანაცვლოდ მზად არის 120 მილიონი ევრო გადაიხადოს და მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასი შესთავაზოს.
ბოლო პერიოდში, ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩასთვის ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო მოსთხოვეს და სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკება.