დავითაშვილი სერია ა-ში? - სენტ-ეტიენს კონკურენტები გამოუჩნდნენ
TUTTOmercatoWEB-ის ინფორმაციით, სერია ა-ს სამ კლუბს ზურიკო დავითაშვილის დამატების დიდი სურვილი აქვს. ეს კლუბებია „კომო’’, „ვენეცია’’ და „ჯენოა’’. „კომო’’ და „ვენეცია’’ ელიტარულ ლიგაში გასულ სეზონში აღზევდნენ.
წყაროს ცნობით, დავითაშვილის წარმომადგენელი მალე იტალიას ეწვევა და დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებებს გამართავს. აღნიშნული გამოცემა ზურიკოს „ახალ კვარად'' მოიხსენიებს.
შესაძლოა, „სენტ-ეტიენისთვის'' დავითაშვილის დამატება გართულდეს, რადგან ფეხბურთელისთვის სერია ა გაცილებით მიმზიდველი ჩემპიონატია.
Sud Ouest-ის ინფორმაციით, „მწვანეები“ ზურიკოს სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს იხდიან (პლუს ბონუსები). ჟირონდელები იმედოვნებდნენ, რომ დავითაშვილს 10 მილიონად გაასხვისებდნენ, მაგრამ კლუბი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია და იტალიური კლუბების გამოჩენამდე დიდი იყო იმის ალბათობა, რომ „ბორდო'' 5-მილიონიან წინადადებას დათანხმდებოდა. Sud Ouest-ის მიხედვით, ტრანსფერის ალბათობას კიდევ ერთი ფაქტორი ზრდიდა. „ბორდოს“ მფლობელს, ჟერარ ლოპესსა და „სენტ ეტიენის“ პრეზიდენტს, ივან გაზიდისს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ, თუმცა ცხადია ფეხბურთელის არჩევანზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. იტალიური კლუბების გამოჩენამ შესაძლოა ვითარება შეცვალოს.
დავითაშვილისთვის და „ბორდოსთვის'' გასული სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებელი იყო, საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კარგი განწყობა მის საკლუბო მატჩებზე დადებითად აისახა, ლიგა 2-ის ბოლო 9 შეხვედრაში 5 გოლითა და 5 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს, ევრო 2024-ზეც კარგად ითამაშა, აქედან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ მის მიმართ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატიდან რეალური ინტერესი გაჩნდებოდა. ტრანსფერისთვის იდეალური მომენტია.