“რთული თამაში იქნება“ - ნაგელსმანი ესპანეთთან მატჩის წინ
ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბუნდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ნაგელსმანმა?
„ჩვენი მზადება დასრულებულია. ვიცი უკვე ვინ ითამაშებს და ვინ არა. გუშინ ბევრი ვისაუბრე მთლიანად გუნდთან და ასევე ინდივიდუალურად. კარგად მოვემზადეთ და გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ეს არ არის ფინალი, ეს მეოთხედფინალია. ჩემპიონობა ესპანეთსაც უნდა, ამიტომ ხვალ რთული თამაში იქნება.
ბურთს ორივე გუნდი კარგად ფლობს და ორივე გუნდს შეუძლია მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მოხდენა. ბოლო პერიოდში ლამინ იამალი ძალიან ეფექტურია და მისი ამოცანა ასე გაგრძელებაა. მას შესანიშნავი თვისებები აქვს და ჯერ მხოლოდ 16 წლის არის. იამალისგან თავს ყოველთვის ვერ დაიცავ, რადგან ის საკმაოდ მრავალმხრივი ფეხბურთელია.“
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებდნენ. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.