გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კალათბურთელები ოლიმპიადის მიღმა - ბრძოლას ლატვია და ფილიპინები განაგრძობენ

რიგაში მიმდინარე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისთვის ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა. ბოლო ტურში ალექსანდრ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა ფილიპინების გუნდი 96:94 დაამარცხა, რაც პლეი ოფში გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველი კალათბურთელები ბოლო ტურის წინ ურთულესი ამოცანის წინაშე იდგნენ - იმის გამო, რომ ფილიპინების ნაკრებმა წინა დღეს მინი ტურნირის მასპინძლები ლატვიელები სენსაციურად, 89:80 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულ გუნდს პლეი ოფში გასასვლელად არა უბრალოდ, გამარჯვება, არამედ მოწინააღმდეგის მინიმუმ 19-ქულიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდა.

შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ქართველებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. რა თქმა უნდა, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეიძლებოდა, თუმცა მეორე მეოთხედის ბოლოს მეტოქე სიტუაციის შეცვლა შეძლო და 11-ქულიანი გაქცევა მოახერხა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო კაპიტანი თორნიკე შენგელია (14 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი) და სანდრო მამუკელაშვილი (14 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი).

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაშში ხარისხი, ორგანიზებულობა და ყველა ის დადებითი კომპონენტი გაქრა, რითაც გუნდი პირველ ნახევარში გამოირჩეოდა. ფილიპინელების რიგებში შეუჩერებელი გახლდათ ჯასტინ ბრაუნლი, რომელმაც მატჩი 26 ქულით, 8 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. რაც შეეხება ქართველებს, სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე 24 ქულასთან, 7 მოხსნა და 3 პასი გახლდათ, ხოლო გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა - „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა 19 ქულა, 9 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. ამგვარად მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას და პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას, ლატვიისა და ფილიპინების ნაკრებები განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების მძიმე სტარტი | ლატვიამ 28 ქულით მოგვიგო
საქართველოს ნაკრების მძიმე სტარტი | ლატვიამ 28 ქულით მოგვიგო