დასანანი მარცხი - 20-წლამდე ნაკრებმა ირლანდიელებთან წააგო
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ტურში სენსაციურ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ირლანდიელებთან ბოლო წუთზე გაშვებული ლელოს გამო, 16:22 წააგეს.
ავსტრალიელებთან პირველ ტურში წაგებული მატჩის შემდეგ, 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, რამაც სათამაშო ხარისხის თვალსაზრისით, გარკვეული შედეგი მოიტანა, თუმცა დროებით... საწყის 21 წუთში თამაში მეტოქის კარნახით წარიმართა, რომლებმაც ორი ლელო დადეს, ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულეს და ცამეტქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს ლუკა ცირეკიძემ ორი სტანდარტი ზუსტად დაარტყა და შეხვედრას სერიოზული ინტრიგა შეუნარჩუნა.
შესვენების შემდეგ კილასონიას შეგირდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, რასაც მათი კაპიტნის, ნიკა ლომიძის მიერ მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება და ცირეკიძის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა. ამის შემდეგ იყო 5-წუთიან მონაკვეთში ორივე მხარეს შესრულებული ზუსტი საჯარიმოები და თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე ქართველები ერთქულიანი უპირატესობით იმარჯვებდნენ, რაც საბოლოო ჯამში ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს, ირლანდიელებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს.
მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპს ქართველი მორაგბეები 9 ივლისს, იტალიელებთან თამაშით დაასრულებენ, რომელიც თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება.