იუბილარი კაპიტანი - გურამ კაშიას 37 წელი შეუსრულდა
საიმედო მცველი და ადამიანი, მისაბაძი სპორტსმენი როგორც თანაგუნდელებისთვის, ასევე დამწყები ფეხბურთელებისთვის - დღეს საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანს, გურამ კაშიას 37 წელი შეუსრულდა. 2020 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან უეფას ერთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ, კაშიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ შეძლებდნენ და ამ ტურნირის გავლით ფინალამდე ისევ მივლენ, შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებდნენ. კაპიტანმა და მისმა თანაგუნდელებმა დანაპირები შეასრულეს - 26 მარტს, ბერძნების დამარცხების შედეგად კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს და ქვეყანას სახალხო ზეიმი აჩუქეს. ზეიმი, რომელიც დღემდე გრძელდება, რადგან საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სვლა გერმანიაშიც განაგრძო, სადებიუტო ტურნირზევე მერვედფინალში გავიდა და ყველას დაუმტკიცა, რომ მათი იქ ყოფნა შემთხვევითობა კი არა, კანონზომიერება იყო.
გურამ კაშია 1987 წლის 4 ივლისს დაიბადა და ბავშვობიდანვე თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა. პროფესიონალური კარიერა სწორედ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში დაიწყო და 2006-2010 წლებში გამართულ 91 შეხვედრაში ამპლუით ცენტრალურმა მცველმა თავი 12 გოლით გამოიჩინა. განსაკუთრებით წარმატებული მისთვის „დინამოში“ გატარებული ბოლო სეზონი გახლდათ, როდესაც საქართველოს ჩემპიონობაში „დინამოელებს“ 33 მატჩში გატანილი 8 ბურთით დაეხმარა.
2010 წლის აგვისტოში კაშიას კარიერაში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იყო თბილისის „დინამოდან“ ნიდერლანდების „ვიტესში“ გადასვლა, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც ადგილი იოლად დაიმკვიდრა, ზუსტად ორ წელიწადში კი არნემის კლუბის კაპიტნად აირჩიეს. ქართველი ლეგიონერი „ვიტესის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გუნდისთავია და ალბათ, კიდევ დიდხანს ასეთად დარჩება, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც თანაგუნდელებს ის მიუძღვოდა მოედანზე, არნემულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული მოიგო - კაშიამ და მისმა პარტნიორებმა 2017 წელს ქვეყნის თასზე გაიმარჯვეს. საერთო ჯამში კი, 2010-2018 წლებში, რვა წლის მანძილზე „ვიტესის“ მაისურით ჩატარებულ 292 შეხვედრაში გურამმა თავი 24 გოლით გამოიჩინა.
2018 წლიდან 2020 წლამდე ის თავის მეგობარ და თანაგუნდელ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ამერიკის MLS-ის კლუბ „სან ხოსეში“ ასპარეზობდა, რაც კიდევ ცალკე გამოცდილება იყო. ოკეანისგაღმიდან წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვე Crystalbet ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, რის შემდეგაც ის ბრატისლავის „სლოვანში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მიიწვია. სლოვაკეთის ჩემპიონი ის უკვე 3-ჯერ გახდა და რეგულარულად ხვდება სეზონის სიმბოლურ ნაკრებში, რადგან სოლიდურ საფეხბურთო ასაკში ყოფნის მიუხედავად, დამაჯერებლობას და სტაბილურობას არ კარგავს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გურამ კაშიას დებიუტი 2009 წლის 1 აპრილს მონტენეგროსთან (0:0) საშინაო შეხვედრაში შედგა და მას შემდეგ გუნდის ღირსება 117-ჯერ დაიცვა, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია. გურამის ანგარიშზე 3 სანაკრებო გოლია - სადებიუტო ბურთი 2012 წლის 12 ოქტომბერს, სტუმრად ფინელებს დავით თარგამაძის პასით გაუტანა. ექვს წელიწადში, 1 ივნისს, მალტასთან ამხანაგური შეხვედრა ქართველებმა 1:0 მის მიერ 89-ე წუთზე მისი ზუსტი 11-მეტრიანით მოიგეს. ბოლოს კი, ეროვნული გუნდის მაისურით თავი 2022 წლის 2 ივნისს, გიბრალტართან (4:0) მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით გამოიჩინა. 117 სანაკრებო მატჩიდან კაშიამ, 112 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 5-ჯერ შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო და 16 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.
როგორც თავად აცხადებს, ფეხბურთისგან ისევ უდიდეს სიამოვნებას იღებს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ სპორტსმენისთის სოლიდურ ასაკში ყოფნის მიუხედავად, ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არ იფიქრებს, რადგან მისი ეროვნულ გუნდში ყოფნა საიმედოობის, სტაბილურობისა და მშვიდად ყოფნის გარანტიაა.