„საქართველოს ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს“ | რას წერს The Guardian-ი ჩვენზე
The Guardian-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი შეაფასა და საქართველოს ნაკრები შეაქო. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ესპანეთთან მარცხის მიუხედავად, „ჯვაროსნებს“ შეუძლიათ, საკუთარი თავით იამაყონ.
„საქართველო ესპანეთს უგებდა და ხვიჩა კვარაცხელიას შორეული დარტყმა რომ გასულიყო, კიდევ ერთხელ დაწინაურდებოდა. ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ 1:4 დამარცხდნენ, გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მისცეს.
ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებებს შორის, საქართველოს ფიფა-ს რეიტინგში ყველაზე დაბალი ადგილი უკავია, მაგრამ ჯგუფური ეტაპი მაინც დაძლია და ეს შემტევი ფეხბურთით გააკეთა. ვილი სანიოლი, სათამაშო სტილის გამო, საქებარ სიტყვებს იმსახურებს და საქართველოს ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, თავიანთი ტალანტი გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემაც აჩვენეს, ხოლო ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ასევე შთამბეჭდავი იყო“.
საინტერესოა, რომ მერვედფინალური ეტაპის შემდეგ, The Guardian-ი ევრო 2024-ის მთავარ ფავორიტად ესპანეთს ასახელებს. მეორე ადგილზე გერმანია იმყოფება, ნიდერლანდები მესამეა, საფრანგეთი - მეოთხე, ხუთეულს კი შვეიცარია ასრულებს.