პირველი დუბლი ტურნირზე | ევროს მე-17 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-17 სათამაშო დღეს, რუმინეთი-ნიდერლანდებისა და ავსტრია-თურქეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის კონკრეტული ეტაპი ევრო 2004-ის შემდეგ პირველად დასძლია - მაშინ შვედეთს პენალტებით მოუგეს. პლეი-ოფში ბოლო მატჩის მოგება ევრო 2000-ზე, იუგოსლავიასთან შეძლეს.
რუმინეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ეგიდით, ჩატარებული 20 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული - 6 ფრე და 12 წაგება. ესე იგი, „ნარინჯისფრებს“ გამარჯვებათა 10%-იანი მაჩვენებელი აქვთ, რაც, იმ გუნდებს შორის, რომლებმაც მინიმუმ 10 შეხვედრა ჩაატარეს, ყველაზე დაბალი პროცენტია.
კოდი გაკპომ 2022-ის მსოფლიოსა და ევრო 2024-ზე 3-3 გოლი შეაგდო და თავისი ქვეყნის ისტორიაში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც 3 ან მეტი გოლი ორ დიდ ტურნირზე გაიტანა - ხონი რეპი (1974 და 1978); დენის ბერხკამპი (1992; 1994 და 1998).
ბოლო ორი დიდი ტურნირის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი ევროპელი ფეხბურთელია, რომელმაც კოდი გაკპოზე (9 მატჩში 6 გოლი) მეტი გოლი გაიტანა - კილიან მბაპე (10 მატჩში 9 გოლი).
ნიდერლანდების ნაკრები ზედიზედ ორ დიდ ტურნირზე 1/4 ფინალში 14-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა - ევრო 2008 და 2010-ის მსოფლიო.
ჩავი სიმონსი, ერენ დერდიოკის შემდეგ (20 წლისა და 3 დღის; ევრო 2008-ზე), ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც საგოლე პასი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში გააკეთა - 21 წელი და 72 დღე.
ჩავი სიმონსი, ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში, მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროს პლეი-ოფის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო - პატრიკ კლუივერტი (19 წელი და 357 დღე), არიენ რობენი (20 წელი და 155 დღე) და ჩავი სიმონსი (21 წელი და 72 დღე).
დონიელ მალენი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე დუბლი შეასრულა.
დონიელ მალენმა ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ დუბლი შეასრულა - ევროზე ცვლილებაზე გამოსულ კაცს დუბლი ბოლოს ევრო 2000-ზე ჰქონდა შესრულებული - იუგოსლავიელ სავო მილოშევიჩს, სლოვენიასთან.
სხვა სტადიონზე, მაგრამ ნიდერლანდების ნაკრებმა ევროს მატჩი მიუნხენში ბოლოს ევრო 1988-ზე ითამაშა - ეს იყო ფინალი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან.
მერიჰ დემირალმა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-2 ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 57-ე წამზე.
მერიჰ დემირალის 57-ე წამზე გატანილი გოლი, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ისტორიაში, უსწრაფესი გოლია, რაც ნიშნავს, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში სწრაფი გოლების რეკორდი თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს ეკუთვნით. 2002-ის მსოფლიოზე, მე-3 ადგილისთვის მატჩში, ჰაქან შუქურის მიერ სამხრეთ კორეასთან მე-11 წამზე გატანილი გოლი, საერთოდ მუნდიალის ყველაზე სწრაფი გოლიც არის.
თურქეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა - ევრო 2000, ევრო 2008 და ევრო 2024. დიდი ტურნირების ეგიდით, ეს მათი მეოთხე 1/4 ფინალია - 2002-ის მსოფლიო.
ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 1/8 ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ დაემშვიდობა. ამ შედეგამდე გუნდს ზედიზედ 7 დიდი ტურნირი ჰქონდა, როცა ჯგუფიდან ვერ გადიოდა.
ავსტრიის ნაკრებს დიდი ტურნირის პლეი-ოფის მატჩი 1954-ის მსოფლიოს შემდეგ არ მოუგია.
მერიჰ დემირალი, ჯონ სტოუნსის 2018-ის მსოფლიოზე (პანამასთან) დუბლის შემდეგ, პირველი მცველია, რომელმაც დიდი ტურნირის პლეი-ოფის მატჩში დუბლი შეასრულა. რაც შეეხება პლეი-ოფს, ბოლო მცველი, რომელმაც დიდ ტურნირზე დუბლი მიითვალა, ლილიან ტურამი გახლდათ - 1998-ის მსოფლიოს 1/2 ფინალში, ხორვატიასთან.
მერიჰ დემირალი, დონიელ მალენის შემდეგ, მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე ევროზე დუბლი შეასრულა.
ევროპის ჩემპიონატის პირველ 16 გათამაშებაში პირველ წუთზე გოლი გასული არ იყო, ევრო 2024-ზე კი ასეთი მოცემულობის ორი გოლი გვაქვს - ნედიმ ბაირამი (23-ე წამი) და მერიჰ დემირალი (57-ე წამი).
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, 6 ყველაზე სწრაფი გოლიდან 4 მიმდინარე ტურნირზე გავიდა, ხოლო 13 ყველაზე სწრაფიდან 11 – 21-ე საუკუნეში.
ავსტრია-თურქეთის მატჩში, კუთხურის გათამაშების შედეგად, 3 გოლი გავიდა - ევრო 1980-იდან მოყოლებული (რაც მსგავსი სტატისტიკა აითვლება), არც ერთ სხვა მატჩში კუთხურს ამდენი გოლი არ მოჰყოლია.
თურქეთის ნაკრები, ევრო 1964-ზე უნგრეთის შემდეგ, პირველი გუნდია, რომელმაც პლეი-ოფის მატჩის ძირითადში ორი თინეიჯერი ათამაშა - ქენან ილდიზი და არდა გიულერი.
მიხაელ გრეგორიჩის თურქეთთან გოლი მიმდინარე ევროს მე-100 გოლია.