ერთი დებიუტანტით და კაპიტნის გარეშე - შემადგენლობა ფიჯისთან მატჩისთვის
ფიჯის გუნდთან ჩასატარებელი ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის გადაწყვეტილებით, კუნძულელებთან თამაშისთვის 23 მოთამაშე მოემზადება. ქართველმა მორაგბეებმა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი ქუთაისში გაიარეს, ხვალ კი ბათუმში კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ და ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის პრეს კონფერენცია შედგება.
2023 წლის 23 სექტემბრის შემდეგ პირველად, ნაკრების შემადგენლობაში ბრუნდება თედო აბჟანდაძე, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება, ლუკა მატკავამ კი ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. ცენტრში გიორგი კვესელაძის მეწყვილე დემურ თაფლაძე იქნება, ფრთებზე კი ტრადიციულად, დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე ითამაშებენ. მთავარი სიახლე კი კაპიტნის არყოფნაა - ნაკრებს მერაბ შარიქაძე ვერ დაეხმარება და მის არყოფნაში გუნდს ბექა გორგაძე გაუძღვება.
კოკერილის მიერ დასახელებული სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეების კეპების ჯამი 424-ს შეადგენს, საიდანაც 317 ხაზის მოთამაშეებზე მოდის, 8 მორკინალის კეპების ჯამი კი 107-ია. ლუკა პეტრიაშვილის სახით გუნდში ერთადერთი დებიუტანტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაკრების 35-წლიან ისტორიაში რიგით 303-ე მორაგბეა, რომელიც ამ გუნდის ფორმით ითამაშებს. საქართველოსა და ფიჯის ნაკრები გუნდების თამაში ბათუმის სტადიონზე პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ფიჯელებთან შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ - 13 ივლისს, სენდეიში მათი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, 20 ივლისს კი სიდნეიში ავსტრალიელებს დაუპირისპირდებიან.