„მას ნიჭი და ამბიციები თავიდანვე ეტყობოდა“ - ყოფილი შეგირდი სანიოლზე
ვილი სანიოლი, როგორც მთავარი მწვრთნელი რეალურად ყველამ მისი საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობისას გაიცნო და დააფასა. რა თქმა უნდა, „ბორდომ“ და საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ჩაატარა მისი ხელმძღვანელობით ბევრი ხარისხიანი შეხვედრა, მაგრამ ჯვაროსნების სათავეში ყოფნისას, ფრანგმა სპეციალისტმა სულ სხვა მასშტაბებს მიაღწია. სანიოლის ხელმძღვანელობით „ბორდოში“ ტომას ტურე 2014-2016 წლებში თამაშობდა და ფრანგმა ფლანგის ნახევარმცველმა ყოფილი დამრიგებელი საკმაოდ თბილად გაიხსენა.
რას ამბობს ტურე
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ვილის სანაკრებო წარმატებები. ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიყავი და ვიქნები, რადგან ჟირონდულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი სწორედ მან მომცა. შეიძლება ბევრი თვლიდეს, რომ ჩვენთან მუშაობა მას არ გამოუვიდა, მაგრამ ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ხელმძღვანელებს მისთვის გარკვეული დრო რომ მიეცათ, რაც საკუთარი იდეებისა და ტაქტიკის ბოლომდე გატარების საშუალებას მისცემდა, შესაძლოა ზუსტად ისევე გაებრწყინა, როგორც ეს საქართველოს ნაკრებში მოახერხა.
სად შეიძლება რომ განაგრძოს სამწვრთნელო კარიერა? არა მგონია ახლა წასვლაზე ფიქრობდეს და მეც მის ადგილზე დარჩენაზე ვიფიქრებდი. ისე კი ვფიქრობ, რომ იმდენად დიდი გამოცდილება დაუგროვდა, საკუთარი კლასის დემონსტრირებას ყველგან შეძლებს.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე პირველად გავიდა და სადებიუტო ტურნირზევე მერვედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი ფრანგი მწვრთნელია, რომელმაც უცხო ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.