ევრო 2024-ზე ნაჩვენები თამაშით ყურადღება მიიქცია | კაკაბაძე სამი კლუბის რადარზე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ოთარ კაკაბაძეს მსურველები გამოუჩნდნენ. ჯვაროსნების განაპირა მცველმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი ასპარეზობა რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.
პოლონური გამოცემის, SportoweFakty-ის ინფორმაციით, კაკაბაძის მსურველებს „კრაკოვიასთან“ პირველი კონტაქტიც ჰქონდათ. პიოტრ კოზმინსკის მიხედვით, ოთარი გერმანული და ორი ინგლისური კლუბის რადარზე იმყოფება, მაგრამ კონკრეტული სახელები არ გაჯღერებულა.
კოზმინსკის მიხედვით, „კრაკოვიას“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია, მაგრამ დიდი შანსია, ვითარება მომდევნო კვირებში შეიცვალოს. „კაკაბას“ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 600 000 ევროა.
ცნობისთვის, კაკაბაძემ გასულ სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ოთარი „კრაკოვიას“ ერთ-ერთი ლიდერია და პოლონური კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.