გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების მძიმე სტარტი | ლატვიამ 28 ქულით მოგვიგო

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 55:83. ლატვიამ 28-ქულიანი უპირატესობით დამაჯერებლად მოგვიგო.

პირველი და მეორე პერიოდის შემდეგ ლატვიელთა უპირატესობა შთამბეჭდავი იყო, პირველი პერიოდი ჯიკიჩის გუნდმა 13:17 დათმო, მეორე პერიოდი 11:28. საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული მხოლოდ მესამე პერიოდი იყო -  17:13. ბოლო პერიოდიც ლატვიელთა სასარგებლოდ დასრულდა - 14:25.

თორნიკე შენგელიას არ უთამაშია, რადგან მატჩამდე მცირე დისკომფორტი იგრძნო.

საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესოდ სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა. 29:50 წუთში მის აქტივში 14 ქულა და 4 მოხსნაა. გოგა ბითაძემ პარკეტზე 22:03 წუთი გაატარა, გუნდს 7 ქულით, 6 მოხსნითა და 1 პასით დაეხმარა. მათ შემდეგ რატი ანდრონიკაშვილის თამაშია გამოსაყოფი, 21:03 წუთში 6 ქულა ჩააგდო, 2 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ნაკრები იბრძვის. A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები. B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. ფორმატის მიხედვით ერთ ლოკაციაზე მოთამაშე 6 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული, ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა.  ოლიმპიადის საგზურს ის ნაკრები მოიპოვებს, რომელიც ფინალს მოიგებს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 4 ივლისს ფილიპინებთან გამართავს. 

შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა პირველ ივნისს თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპზე ალექსანდრ ჯიკიჩის მოთამაშეებმა იურმალაში გაიარა, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, კამერუნელებთან 1 ქულით დამარცხდნენ, ეგვიპტეს კი დიდი ანგარიშით, 32 ქულით მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები