მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია - ჰერმოსოს ნაპოლისთან ერთი ნაბიჯი აშორებს
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უკვე უამრავი სიახლე გვხვდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტე დაცვის გაძლიერებას გეგმავს და სხვადასხვა მოთამაშეებთან მოლაპარაკება დაიწყო.
CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, პარტენოპეი მარიო ჰერომოსოს გადაბირებას ცდილობს. ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია.
წყაროს ცნობით, ნაპოლის ხელმძღვანელობა მას უკვე დაუკავშირდა და 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ხელფასის სახით კი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს დაჰპირდა.
ჰერმოსო ნაპოლიში გადაბარგებაზე თანახმაა, თუმცა ანაზღაურება მისაღები არ არის. 29 წლის მცველი 5 მილიონ ევროს ითხოვს. ნაპოლიში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკება შედგება და მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ მარიო ჰერმოსო მადრიდის ატლეტიკოში 2019 წელს გადავიდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად როხიბლანკოს მაისური 174-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.