რა შეთავაზება გაუკეთეს გერმანიაში | Tuttosport-ი კვარას მომავალზე წერს
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი. Tuttosport-ი გერმანიაში, ევრო 2024-ის მიმდინარეობისას გამართულ შეხვედრაზე წერს და გვიზიარებს შეთავაზების დეტალებს, რომელიც „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა „კვარას“ წარუდგინეს.
„ნაპოლისთვის ხვიჩა ხელშეუხებელია და მას 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას სთავაზობენ, მისი ანაზღაურება კი 5.5 მილიონ ევროს პლუს ბონუსები იქნება. პარი სენ-ჟერმენმა კვარას აგენტს, მამუკა ჯუღელს 9 მილიონი ევრო და 2 მილიონის ოდენობის ბონუსები შესთავაზა. ჯამში 11 მილიონი, პრაქტიკულად ორჯერ მეტი, ვიდრე დე ლაურენტისის წინადადებაა.
კონტე თვლის, რომ კვარაცხელია გუნდისთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია და ნაპოლის პრეზიდენტი აპირებს, იტალიელ სპეციალისტს ქართველი გარემარბის შენარჩუნებით ასიამოვნოს. საამისოდ, დე ლაურენტისი მზადაა, კვარას წარმომადგენლებთან კონფლიქტზეც წავიდეს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, „კვარას“ ამჟამინდელი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ხვიჩამ უცხოურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ მიიღებს.