კვერნაძე იტალიაში რჩება | ფროზინონემ მისი კონტრაქტი გამოისყიდა
გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იტალიური გუნდი ვინჩენცო ვივარინიმ ჩაიბარა, რომელიც ბოლოს „კატანძაროში“ მუშაობდა. ვივარინიმ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანგელოციმ პრესკონფერენცია გამართეს და შეგვატყობინეს, რომ ქართველი შემტევის კონტრაქტი გამოისყიდეს.
„სატრანსფერო პოლიტიკა გუნდის საჭიროებებს მოვარგეთ. გიორგი კვერნაძეს ხარისხი აქვს და ის სწორედ ამიტომ შევიძინეთ. გვჭირდება, ფეხბურთელთა ხარისხების კომბინაციები შევქმნათ, რაც მოედანზე ბალანსის პოვნასა და სწორად აზროვნებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ვივარინიმ.
„გუნდში დავრჩი, რადგან სერია A-დან გავვარდით. სხვა შემთხვევაში, წავიდოდი. კვირიდან ვნახავთ, შემადგენლობაში რა ცვლილებები იქნება. მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს გაესაუბრება და თუ შეთავაზებებს მივიღებთ, მათ აუცილებლად განვიხილავთ. კვერნაძეს რაც შეეხება, მისი კონტრაქტი გასულ პარასკევს გამოვისყიდეთ“, - დასძინა ანგელოციმ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, კვერნაძეს ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა. სერია A-ში მან მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში, მოედანზე 59 წუთი გაატარა, იტალიის თასზე კი 3 მატჩი ითამაშა. გიორგი „კოლხეთი 1913“-ის საკუთრება იყო და „ფროზინონეში“ იჯარის წესით ასპარეზობდა.