„არ მინდოდა, რომ ლაშას პენალტი დაერტყა“ - დვალის მამის კომენტარი
ევროპის ჩემპიონატზე საოცარი გამოსვლის ფონზე, საქართველოში ტურნირის დებიუტანტი გუნდის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ინტერესი უდიდესია. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრად იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველის ლაშა დვალის მამა, რომელმაც როგორც კონტინენტის პირველობაზე ისაუბრა, ასევე მისი შესარჩევი მატჩებიც გაიხსენა.
რას ამბობს ირაკლი დვალი
საბერძნეთთან შეხვედრაზე დასასწრებად მე და ჩემი მეუღლე „დინამო არენაზე“ არ წავედით - გადავწყვიტეთ სახლში დავრჩენილიყავით და მშვიდად გვეყურებინა. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა სერიაში ლაშას პენალტი დაერტყა, რადგან კარიერაში შესრულებული წინა ორი 11-მეტრიანი გაცუდებული ჰქონდა.
26 რიცხვი ჩვენი ნაკრებისთვის უკვე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან ჯერ 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ზუსტად სამ თვეში კი ამ ტურნირზე ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მერწმუნეთ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ესპანეთთანაც დადებითი შედეგი ეჩვენებინათ, მაგრამ ეს აღმოჩნდა მეტოქე, რომლის დამარცხებაც ამ ეტაპზე ჩვენს ძალებს აღემატებოდა.
ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებული 36 მატჩიდან ლაშა დვალმა 27 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის ნიქოზიის „აპოელთან“ ერთად კვიპროსის ჩემპიონი გახდა და განაგრძობს თუ არა მომდევნო წელსაც ამ კლუბში კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.