„ეს ჩემი ბოლო ევრო იქნება“ - რონალდუს და მარტინესის კომენტარები
პორტუგალიის ნაკრებმა დაძაბულ და მძიმე ბრძოლაში სლოვენიის ეროვნული გუნდი მატჩის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. „ლუზიტანებს“ შეეძლოთ საქმე აქამდე არ მიეყვანათ, მაგრამ 105-ე წუთზე დანიშნული პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ ის მოწოდების სიმაღლეზე იყო 11-მეტრიანების სერიაში, მაგრამ აქ მთავარი გმირი არა ის, არამედ მათი გუნდის მეკარე დიეგუ კოშტა გახდა, რასაც ხაზი თამაშის დამთავრების შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმაც გაუსვა.
რობერტო მარტინესი
საოცრად დაძაბული და დრამატული მატჩი გამოვიდა, რომელსაც უდიდესი ენერგია შევალიეთ. ჩვენი მთავარი გმირი დიეგუ კოშტაა, რომელიც ამ მატჩის შემდეგ თვისობრივად კიდევ უფრო სხვა დონეზე ავიდა. დიდი მადლობა მას, რადგან რამდენიმე ეპიზოდში გადაგვარჩინა და პორტუგალიის ნაკრებს როგორც თამაშისას, ასევე პენალტების სერიაში დაეხმარა.
მეოთხედფინალში აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის დაპირისპირება გველოდება, რადგან საფრანგეთი კიდევ უფრო სახიფათო მეტოქეა, რომელიც მსგავს შეცდომებს ნამდვილად არ გვაპატიებს.
კრიშტიანუ რონალდუ
ლამის ერთი წელიწადია პენალტი არ გამიფუჭებია, მაგრამ როდესაც სიზუსტე და ცივსისხლიანობა ყველაზე საჭირო იყო, სწორედ მაშინ გამოვიჩინე სისუსტე, რის გამოც ყველას ბოდიშს ვუხდი.
მატჩის დასრულების შემდეგ სევდა და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია და ამიტომ თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ.
5 ივლისს, ჰამბურგის „ფოლკს პარკ შტადიონზე“, მეოთხედფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან. კონტინენტის პირველობაზე ეს გუნდები ბოლოს 2016 წლის ტურნირის ფინალში შეხვდნენ, სადაც „ლუზიტანებმა“ ედერის გოლით გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვეს.