დიოგუ კოშტას გმირობა - რონალდუს ცრემლები და პორტუგალიის გამარჯვება
ევრო 2024-ის 1/8-ფინალში პორტუგალია-სლოვენიის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია პორტუგალიამ 3:0 მოიგო. მეოთხედფინალში პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება.
105-ე წუთზე სლოვანიის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გაიტანა (ობლაკმა აუღო) და ეს მისთვის იმდენად ემოციური მომენტი იყო, რომ ცრემლები ვერ შეიკავა. ასევე, მეორე დამატებით დროში შეშკოს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ დიოგუ კოშტას ვერ გაუტანა, პორტუგალიელთა მეკარე ბრწყინვალე იყო ისევე როგორც იან ობლაკი რონალდუს პენალტისას.
პენალტების სერიაში პორტუგალიამ 3:0 მოიგო, მეკარე დიოგუ კოშტამ სამივე პენალტი მოიგერია და ამასთან ერთად პორტუგალიელებმა საწყისი სამი პენალტი შეაგდეს.
პენალტების სერია: 0:0 ილიჩიჩი (მეკარე), 1:0 რონალდუ, 1:0 ბალკოვეცი (მეკარე), 2:0 ბრუნო, 2:0 ვერბიჩი (მეკარე), 3:0 ბერნარდუ სილვა
დიოგუ კოშტა პირველი მეკარეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პენალტების სერიაში სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
პეპე გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ფლეი-ოფში უთამაშია. პეპე 41 წლისა და 126 დღისაა.
პორტუგალიელმა მცველმა პეტერ შილტონის რეკორდი მოხსნა, ინგლისელმა 1990 წლის მუნდიალზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის წინააღმდეგ 40 წლისა და 292 დღის ასაკში ითამაშა.
ამ მატჩში რონალდუმ 4 საჯარიმო დარტყმა შეასრულა. 1994 წლის მუნდიალის შემდეგ, როცა გეორგე ჰაჯიმ 5 საჯარიმო შეასრულა, დიდ ტურნირებზე ამდენი საჯარიმო დარტყმა საუკეთესო მაჩვენებელია.