ქოჩორა და მამარდა - ვალენსიური კლუბების ფინანსების წყარო
ცნობილი ესპანური გამოცემა Onda Cero ევროპის ჩემპიონატზე „ვალენსიას“ და „ლევანტეს“ ქართველი ფეხბურთელების, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა. სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია, რაც ვალენსიურ კლუბებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საშუალებას მისცემთ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ.
მამარდაშვილის შემთხვევაში საქმეს ერთი ფაქტი ართულებს - „ნიუკასლი“ მაშინაც არ იყო მზად მისი დამატებისთვის, როდესაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი 35 მილიონ ევროს ითხოვდა და ახლა, როგორც უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაზრდილია. რამდენს მოითხოვს ლიმი მის სანაცვლოდ, არავინ არ იცის. სამაგიეროდ ის თითქმის გადაწყვეტილია, რომ მამარდა „მესტალიას“ დატოვებს, რადგან კლუბმა ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრევსკის სახით მისი შემცვლელი უკვე დაიმატა.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, „ლევანტეს“ სპორტულმა დირექტორმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში უკვე ყველას მიანიშნა, რომ 25 წლის ქართველი ნახევარმცველის მინიმალური სატრანსფერო ფასი 5 მილიონი იქნება, თუმცა რაღა თქმა უნდა ეს მინიმუმია და ვალენსიელები შეეცდებიან საქართველოს ნაკრების შუა ხაზის ერთ-ერთი ლიდერი უფრო ძვირად გაასხვისონ.