„მათი წარმატება შემთხვევით არ მოსულა“ - ხორვატები საქართველოს ნაკრებზე
ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე პატარა ქვეყნის ნაკრებების წარმატებას თან მუდამ დიდი რეზონანსი ახლავს. რა თქმა უნდა, მასშტაბებით ხორვატული ფეხბურთის მიღწევები ქართულისას აღემატება, მაგრამ ერთ-ერთმა იქაურმა გამოცემამ, საქართველოს ეროვნული გუნდის გამოსვლაზე და მისი ფეხბურთელების თავდადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე თავის ქვეყნისთვის იბრძოდნენ თავგანწირვით მოთამაშეები, ისე იყვნენ წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ქართველები.
რას წერენ ხორვატები
მათი წარმატება შემთხვევით არ მოსულა. უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სერიოზული თანხა ჩაიდო და შედეგიც ახლა მიიღეს.
გაკეთდა უამრავი სტადიონი, სადაც ევროპის ჯერ 19-წლამდე, შემდეგ კი ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა. რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი გულშემატკივრის მხრიდან იგრძნობოდა ფეხბურთის უდიდესი სიყვარული და მატჩებზე დასწრების მხრივ, ტურნირების ყველა დროის რეკორდი დამყარდა.
გულშემატკივრის სიყვარული და მხარდაჭერა ფეხბურთელისთვის მოტივაციის მთავარი მიმცემია და დიდწილად წარმატებას განაპირობებს. საქართველოს ნაკრების მოულოდნელი, სენსაციური მოგება პორტუგალიასთან კი ამ ქვეყანაში მოზარდი თაობის მხრიდან ფეხბურთისადმი სიყვარულს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებად ხორვატიის ნაკრების 1-0 დამარცხება არის მიჩნეული, როდესაც უკანასკნელ წუთზე ერთადერთი და გამარჯვების მომტანი ბურთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გაიტანა.