თითქოს ამ ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო - გველესიანის ემოციური პოსტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ Instagram-ში ვრცელი პოსტი დაწერა.
„ვამაყობ რომ ქართველი ვარ!
რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთი მხრივ ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს,რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შეძლო, თითქოს ამ დაუღალავმა 33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა ერთიანად ამოხეთქა და მთელი ერი მოიცვა. ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთმევია, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე. ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.
მეორე მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხდით, რომელთა წინააღმდეგ ''ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, თუმცა ასეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ წყნარად, მშვიდად და ორგანიზებულად შეტევებს ყველა მხრიდან, საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებსა და გამარჯვებაში გადაიზარდა.
ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!''.
33 წლის გიორგი გველესიანმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ევრო 2024-ის დაწყებამდე მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ჩაატარა, 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასი შეასრულა, მისი გადაცემით ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა. რაც შეეხება ევრო 2024-ს, სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჩეხეთთან 81-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, საბა კვერკველია შეცვალა. სასტარტოში ითამაშა პორტუგალიასთან (76 წუთი) და ესპანეთთან (78 წუთი), საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.