კვარა: ჩვენს ხალხს ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ
ევრო 2024-ის 1/8-ფინალში ესპანეთთან მარცხის (4:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Instagram-ში პოსტი დაწერა.
ხვიჩა კვარაცხელია: „ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები ❤️მადლობა!!''.
ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე ოთხივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა, საუკეთესო თვისებები პორტუგალიასთან გამოავლინა, გოლი გაიტანა, გუნდმა სენსაციურად გაიმარჯვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა დასახელდა.
ესპანეთთან მატჩის შემდეგ კვარამ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებ, რადგან ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ცოტა არ გაგვიმართლა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა.
გოლიც ისეთი იყო, რომ მისი ჩათვლის შანსი 50/50-ზე იყო. ჩემი აზრით, არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მორატა მამარდაშვილზე ზემოქმედებას ახდენდა და გიორგი ბურთს ვერ ხედავდა. არა უშავს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.
ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილება დაგვაკლდა, მაგრამ ესეც მოდის და ვეცდებით, წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, რადგან ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ.
გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ალბათ ბევრს არ ეგონა, ჯგუფიდან რომ გავიდოდით. ასე ერთიანად და ერთმანეთის გვერდში დგომით, ყველაფერს მივაღწევთ. უდიდესი მადლობა თითოეულ ქომაგს“.