„დუბლიორობას არ ვაპირებ“ - მამარდაშვილი ბაიერნზე ჯერჯერობით უარს ამბობს
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გიორგი მამარდაშვილის დამატების მთავარ კანდიდატად ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ნიუკასლს“ ასახელებდნენ, თუმცა კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარემ იმდენად შთამბეჭდავი მატჩები ჩაატარა, რომ მისით „კაჭკაჭებზე“ გაცილებით უფრო ძლიერი და ტრადიციული გუნდები დაინტერესდნენ.
ბოლო ინფორმაციით, მამარდას „ვალენსიადან“ შეძენა „ბაიერნს“ სურს და გერმანული გრანდი ქართველით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ინტერესდებოდა, მაგრამ „ალიანს არენაზე“ გადაბარგებაზე უარი თავად მოთამაშემ განაცხადა და როგორც ჩანს, გიორგის აზრი ამჯერადაც არ შეუცვლია - ყოველ შემთხვევაში Sky Sports-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მისი რეკორდმაისტერში ჩარიცხვა, კატეგორიული უარი განაცხადა.
რა თქვა მამარდამ
„ბაიერნში“ გადასვლის საკმაოდ კარგი შანსი შარშანდელ ზაფხულშიც მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ კლუბში ჯერ კიდევ თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი მანუელ ნოიერის სახით, ჩემი მხრიდან იქ წასვლა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, სრული სისულელე იქნებოდა. ამჯერადაც თუ იქნება შემოთავაზება, უარის თქმა მომიწევს, რადგან სანამ იქ ნოიერია, ძირითადში ადგილი მას ექნება დაბევებული. თუ თამაშის გარანტია მექნება, წავალ, სხვა შემთხვევაში არა, რადგან დუბლიორობას არ ვაპირებ.
გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 30 სეივი შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე აღარ თამაშობს, ჯერჯერობით ამ კომპონენტში ლიდერია და შესაძლოა მის დასრულებამდეც პირველობა შეინარჩუნოს. მოგერიებული ბურთების რაოდენობით, საქართველოს ნაკრების მეკარემ იტალიელი ფრანჩესკო ტოლდოს, დანიელი პეტერ შმეიხელისა და ესპანელი ლუის არკონადას მიღწევა გაიმეორა.