მესხი-ყიფიანის დაწყებული კვარამ განაგრძო - სტატია ქართულ ფეხბურთზე
ესპანეთი - საქართველოს (4:1) მატჩის მეორე დღეს მსოფლიო სპორტული პრესის მთავარი სალაპარაკო თემა ესპანელების საოცარ სიძლიერესთან ერთად, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველების თავდადებული, ტაქტიკურად გამართული და თანამედროვე ფეხბურთია. ბუნებრივია, ყველა ინტერესდება ქართული ფეხბურთით და იმ ღონისძიებებით, რაც ბოლო წლებში გატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან საიმისოდ, რომ ეროვნული გუნდი ამხელა წარმატებამდე მისულიყო. თუმცა, უცხოელი ჟურნალისტები არც ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო წარსულს ივიწყებენ და ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფეხბურთის ასეთ დონეზე ყოფნის შესახებ გულშემატკივარს პირველად ახლა არ გაუგია.
რას წერენ ქართულ ფეხბურთზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის მოხვედრა მოულოდნელობა იყო, თუმცა არავითარ შემთხვევაში შემთხვევითობა, რაც ტურნირის მსვლელობის დროსაც დამტკიცდა. ამ ქვეყანაში ფეხბურთი იყო მუდამ სპორტის ნომერ პირველი სახეობა, სადაც ისეთი ლეგენდები ჰყავდათ, როგორებიც შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი ქინქლაძე არიან.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ქართველი ფეხბურთელები ყველასგან გამოირჩეოდნენ. დავით ყიფიანი იყო იმ წარმატების მთავარი შემოქმედი, რომელსაც თბილისის „დინამომ“ 80-იან წლებში მიაღწია. იქამდე კი, 60-იანი წლების ვარსკვლავს მიხეილ მესხის ქართველ გარინჩადაც მოიხსენიებდნენ.
მაშინდელი საფეხბურთო კულტურის ელემენტებით, რაც მოძრაობას, დრიბლინგსა და ტექნიკას მოიცავს, თანამედროვე ქართველი მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიაა გაჯერებული, რომელმაც საქართველო დიდ საფეხბურთო ავანსცენაზე დააბრუნა და მესხი-ყიფიანის გზა გააგრძელა.
საქართველოს ნაკრებს ყველა ტურნირზე ისტორიაში ჩატარებული 287 მატჩიდან 93 აქვს მოგებული, 59 ფრედ დასრულებული და 135 წაგებული. 7 სექტემბერს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ჩეხებთან საშინაო მატჩით დაიწყებს.