ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი
საქართველოს ეროვნული ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩასართავად მზადაა. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა და ლატვიაში რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, ჯო ტომასონი, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე და ილია ლონდარიძე იასპარეზებენ.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4-ში – ფილიპინებს.