მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„ჯორჯია შტატი ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ქვეყანაც თუ არის“ | ომალიმ მერაბს დასცინა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს დასცინა. საკუთარი პოდკასტის მიმდინარეობისას, „შუგამ“ მაყურებლებს დვალიშვილის გამოსახულების მქონე თოჯინა წარუდგინა და მას ინტერვიუ ჩამოართვა.

„მერაბი ჩვენს სტუდიაში მოვიდა. ვიცი, რომ არ გჯერათ, მაგრამ აქაა და აი, ისიც. ალბათ, ბევრს ვერაფერს იტყვის, რადგან ინგლისურად ვერ ლაპარაკობს ან თუ ლაპარაკობს სიტყვებს ისე გამოთქვამს, ვერაფერს გაიგებთ.

მერაბ, შენი დიდი ქომაგი ვარ. ზედიზედ 12 ბრძოლა მოიგე, ყველა მსაჯების გადაწყვეტილებით და მართლაც შთამბეჭდავია, როცა UFC- ში ზედიზედ ამდენ ჩხუბს იგებ მსაჯების გადაწყვეტილებით (ირონიულად საუბრობს. მერაბს ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული და მარლონ მორაესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა). ეს საოცარი მიღწევაა და ტიმ, შენ რას ფიქრობ ამაზე (ომალის პოდკასტის თანაწამყვანი მისი მწვრთნელი, ტიმ უელჩია)“, - ამბობს ომალი.

„დვალიშვილი ტოპ დონის მეტოქეებს ხვდება და მათი დაფინიშება რთულია. მერაბ, ის ფაქტი, რომ ჟოზე ალდოსა და პიოტრ იანის წინააღმდეგ თეიქდაუნის ამდენი მცდელობა გქონდა, ნამდვილი საოცრებაა. ამას ბევრი ადამიანი ვერ აკეთებს და გაქვს კარდიო, რომელიც გეხმარება, რომ არ გაჩერდე. იმედი მაქვს, შონ ომალისთანაც ასე იჩხუბებ და ვნახოთ, რა მოხდება“, - ხუმრობს უელჩი.

„მერაბ, რა მაინტერესებს იცი?! ალჯამეინ სტერლინგი შენს კუთხეში იქნება? მახსოვს, როცა დავანოკდაუნე, შენ შემოგხედე, დაგცინეთ და შემდეგ 4-5-ჯერ სახეში მაგრად მოვარტყი. არ გინდა, შენი მეგობრის გამო შური იძიო? მერაბ, ნამდვილად ღირსეული მეტოქე ხარ, ოღონდ რომელ ქვეყანას წარმოადგენ? მკერდზე საქართველოს ტატუ გაქვს, მაგრამ ამბობ: „ამერიკელი ვარ, მექსიკელი ვარ“.

საერთოდ ვინ ხარ და სადაური ხარ? ამბობ, რომ საქართველოდან (Georgia) ხარ. ჯორჯია შტატია ძმაო, არც კი ვიცი, ასეთი ქვეყანა თუ არსებობს. რას წარმოადგენ მერაბ? ვინ ხარ? არაფერი მაქვს სათქმელი “, - ეკითხება ომალი მერაბის თოჯინას.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბი სექტემბერში, ლას-ვეგასში მდებარე სფეროში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველმა ხალხმა ამ გუნდით უნდა იამაყოს“ | რა თქვეს ბუდუმ და მამარდამ მატჩის შემდეგ
„ქართველმა ხალხმა ამ გუნდით უნდა იამაყოს“ | რა თქვეს ბუდუმ და მამარდამ მატჩის შემდეგ