გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ქართველმა ხალხმა ამ გუნდით უნდა იამაყოს“ | რა თქვეს ბუდუმ და მამარდამ მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, „ჯვაროსნები“ ესპანეთს დაუპირისპირდნენ და 1:4 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი მამარდაშვილმა „ფურიო როხასთან“ გამართული შეხვედრა შეაფასეს.

„მატჩის მიმდინარეობისას წინ ვიყავით, მაგრამ ესპანეთმა ინიციატივა დაიბრუნა და საბოლოოდ, 1:4 დავმარცხდით, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა ამ გუნდით უნდა იამაყოს, რადგან ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები ვიყავით და ჯგუფიდან გავედით, რაც საამაყო შედეგია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიისა და გუნდის ნაწილი ვარ. საქართველოს ყველა ქალაქიდან იგრძნობოდა გულშემატკივრობა და ძალიან დიდი მადლობა ქომაგებს“, - განაცხადა ბუდუმ.

„მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან. მართლა თბილისში, დინამო არენაზე მეგონა თავი. მათ სასწაული ატმოსფერო შექმნეს და დაიმსახურეს ის, სადაც დღეს ვიყავით. სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით. ესპანეთი ძალიან რთული მეტოქეა და შეუძლია, ევრო 2024 ძალიან მშვიდად და წყნარად მოიგოს. რაც შეეხება ჩვენს მომავალს, გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს არ არის დასასრული! ეს არის დიდი რაღაცის დასაწყისი!

ქართველ ხალხს მოვუწოდებ, რომ ჩვენს გვერდით დარჩნენ, მხარი დაგვიჭირონ და ჩვენი დაიჯერონ, რადგან გაჩერებას არ ვაპირებ. ევრო 2024-მა მთელ ქვეყანას დიდი რაღაც უნდა მისცეს და საქართველოში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ყველამ დავინახეთ, ქართველ ხალხს ფეხბურთი როგორ უყვარს და გამოჩნდა, ფეხბურთს რა შეუძლია. ამ ოთხი თამაშის განმავლობაში, მთელი საქართველო ერთიანი იყო და მთელი ქვეყანა ფეხბურთზე საუბრობდა“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ანგარიში რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით გახსნა. „ფურია როხამ“ წონასწორობა როდრის გოლით აღადგინა, 51-ე, 75-ე და 83-ე წუთებზე კი თავი ფაბიან რუისმა, ნიკო უილიამსმა და დანი ოლმომ გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლებოდა, ანგარიში 8:1-იც ყოფილიყო“ - დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ
„შეიძლებოდა, ანგარიში 8:1-იც ყოფილიყო“ - დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ