ზურიკო: „მათი პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“
სხვა ქართველი ფეხბურთელების მსგავსად, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ზურიკო დავითაშვილისთვისაც გამორჩეული იყო. მართალია მან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა მხოლოდ ჩეხებთან მატჩში დაიწყო, თურქებთან, პორტუგალიელებთან და ესპანელებთან კი შეცვლაზე ჩაერთო შეხვედრაში, მაგრამ 23 წლის შემტევმა მაინც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. მერვედფინალის დასრულების შემდეგ კი, მედიის კომენტარიც გააკეთა.
რა თქვა ზურიკომ
რთული შეხვედრა გამოვიდა და მარცხი დასანანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ესპანეთს ძალიან მაგარი ნაკრები ჰყავს, რაც ყველამ დავინახეთ და ვფიქრობ, რომ ისინი ამ ჩემპიონატის ფავორიტები არიან.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქე გუნდის მიერ გატანილი პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან როდრის დარტყმის მომენტს მამარდაშვილის ვერ ხედავდა და ამაში მას ხელს აქტიურ თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ალვარო მორატა უშლიდა.
გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი, მე კი ვიტყვი, რომ ვამაყობ ამ გუნდით და ჩემი თანაგუნდელებით. დარწმუნებული ვარ ამ კონტინენტის პირველობაზე მიღებული გამოცდილება მომავალში აუცილებლად წაგვადგება.
მცირე დასვენების შემდეგ, სავარაუდოდ, ზურიკო დავითაშვილს საკლუბო მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ბუნებრივია მას „ბორდოში“ დარჩენა და საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშის პერსპექტივა აღარ ხიბლავს და სავარაუდოდ „სენტ ეტიენის“ წინადადებას დათანხმდება, რომელიც ფრანგული ფეხბურთის ელიტაში ორი მატჩის ჯამში „მეცის“ დამარცხების შემდეგ დაბრუნდა.