„შეიძლებოდა, ანგარიში 8:1-იც ყოფილიყო“ - დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი ტურნირს გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა დე ლა ფუენტემ:
შედეგით კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევებიდან სახიფათო იქნებოდა და გოლიც ასე გავუშვით. ავტოგოლმა, თუმცა, შემდეგ ბევრი შანსი შევქმენით და შესაძლებელი იყო ანგარიში 8:1-იც ყოფილიყო. რაღაც მომენტებში დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ საერთო ჯამში, თამაში კარგად გავაკონტროლეთ. უნდა დავაფასოთ ეს გამარჯვება, მარტივი არ ყოფილა, რადგან მეტოქე სახიფათო იყო.
ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ჩამორჩები, ზოგჯერ კი წინ წახვალ. მეტოქე კარგი იყო, გოლი გაიტანეს, მაგრამ რთულ მომენტს ცივი გონებით მივუდექით. შესაძლოა, ცივმა ოფლმაც დაგვასხა, მაგრამ თამაშის გაკონტროლება შევძელით. დღევანდელი თამაშისგან ბევრს ვისწავლით, ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიძენთ და ასე, ყველა გარემოებისთვის მზად ვართ.
ლამინ იამალი? საოცრებაა, როდესაც 16 წლის ასაკში ასეთი მატჩი ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც შეუძლია. თავდაჯერებულია და ბევრ რისკზე მიდის, ზოგჯერ ზედმეტზეც. როდესაც ბურთის შენარჩუნება გვჭირდებოდა, გამწვავებაზე მიდიოდა. ის გამოცდილებას აგროვებს და უფრო კონტრეტული გახდება.
როდრი მოედნის ცენტრში კარგი კომპიუტერია, რომელიც ყველა მოძრაობას აკონტროლებს. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
გოლის შემდეგ ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. ველოდით, საქართველოს ნაკრებისგან კონტრშეტევებს, ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვიცოდით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ აუცილებლად გავიტანდით, ჩვენს მომენტს დაველოდეთ და ასეც მოხდა.
ცნობისთვის, 1/4 ფინალში ესპანეთის ნაკრები მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში, სადაც მეტოქეები თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იყვნენ, მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები პირველ ტურში თურქეთთან 1:3 დამარცხდნენ, მეორე ტურში ჩეხეთთან ფრედ 1:1 ვითამაშეთ, მესამე ტურში კი პორტუგალიის ნაკრებთან 2:0 გავიმარჯვეთ.