ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„გვინდა, დიდ ტურნირზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ“ - სანიოლის პრესკონფერენცია

ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა სანიოლმა:

ძალიან ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. ძალიან რთულია, მორატას ეპიზოდზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს აშკარა თამაშგარე იყო. თუ რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთთან დანიშნეს თამაშგარე, ეს უფრო აშკარა იყო. ვარ-ი ფეხბურთში დიდი რევოლუციაა და მას ბევრი სარგებელი მოუტანია. ხდება ხოლმე, როდესაც მსაჯთა ბრიგადას 10 ეკრანი ჰქონდეს, მაგრამ მაინც მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. ვარ-ი სასარგებლოა, მაგრამ არ ვიცით ზუსტად როგორ უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე საუბარი მგონი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი, კარგი პერიოდებიც, მაგრამ ყველგან ასე ხდება. ახლა, უნდა დავსხდეთ მშვიდად, გავაანალიზოთ რა გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვიქნებით ბოლო პერიოდის შედეგებით, რადგან ნაკრების ევოლუცია ფანტასტიკური იყო, ძალიან ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგი გზა კიდევ უფრო დადებითი იქნება.

რა თქმა უნდა, სევდიანები ვართ ამ მარცხით, მაგრამ რამდენიმე დღეში გავაანალიზებთ რა გავაკეთეთ და ვფიქრობ, სიხარული მალევე დაგვიბრუნდება.

დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ - 100%-ით მზად უნდა იყო ამ დონეზე თამაშისთვის. ეს არამხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ მე, ფედერაციამ და მთელმა პერსონალმა უნდა ისწავლოს. ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად გაგვყვება. თუმცა, ამაზე რამდენიმე დღეში უნდა ვიფიქროთ, ახლა კი მიღწეული უნდა ვიზეიმოთ.

როდესაც გოლი გავიტანეთ, ნამდვილად ვფიქრობდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, მაგრამ იგივე განცდები თამაშის დაწყებამდეც გვქონდა. გოლი პირველივე შეტევისას გავიტანეთ. პირველი ტაიმი 1:0 რომ დაგვესრულებინა, მეორე ტაიმისთვის უფრო მეტი ენერგია გვექნებოდა. ტაიმის მიწურულს ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და ჩვენი თამაშის სცენარზე ამანაც დიდი გავლენა მოახდინა. საერთო ჯამში რომ შევხედოთ, ესპანეთმა მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ახლა ყველას გააზრებული გვაქვს, რა გავაკეთეთ. ვეცდებით, მალევე დავბრუნდეთ დიდ ტურნირებზე. მსოფლიო დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ, ასეთ სტადიონებზე თამაში ყველასთვის დიდი ოცნებაა. ამდენ გულშემატკივარს მივეცით აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა, მათაც ახლოდან ნახეს ყველაფერი და ბუნებრივია, ყველას რაც შეიძლება მალე უნდა უკან დაბრუნება.

კვარა პსჟ-ში? თუ სურს, უნდა წავიდეს. თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ნაპოლი დიდი კლუბია, ისევე როგორც პსჟ, მაგრამ მინდა, რომ ასე თამაში გააგრძელოს, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება. უბრალოდ, მინდა, რომ ბედნიერი იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში, სადაც მეტოქეები თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იყვნენ, მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები პირველ ტურში თურქეთთან 1:3 დამარცხდნენ, მეორე ტურში ჩეხეთთან ფრედ 1:1 ვითამაშეთ, მესამე ტურში კი პორტუგალიის ნაკრებთან 2:0 გავიმარჯვეთ.

მსგავსი სიახლეები