მარცხი ესპანეთთან - საქართველო ევრო 2024-ს დაემშვიდობა
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო ფურია როხამ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და პირველივე წუთებიდან შეტევაში გაერთო. საქართველო კი კონტრშეტევებზე თამაშობდა.
შეხვედრის მე-18 წუთზე ჯვაროსნები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - საქართველო დაწინაურდა.
ესპანეთმა ზეწოლა გააძლიერა და გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო. 39-ე წუთზე როდრიმ სივრცე იპოვა და მამარდაშვილს შორიდან გაუტანა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი დე ლა ფუენტეს შეგირდებმა კიდევ უფრო მეტად აქტიურად დაიწყეს და სულ მალე დაწინაურდნენ. თავი 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა გამოიჩინა.
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა და შეტევაში ვერ გადადიოდა. სანიოლმა ცვლილებები გამოიყენა, მაგრამ შედეგი არ დადგა.
75-ე წუთზე ჯვაროსნები შეტევაში გადავიდნენ და უკან სივრცეები გაჩნდა. ესპანეთი კი კონტრშეტევაზე გადავიდა. ნიკო უილიამსმა მესამე გოლი გაიტანა და ამით ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა.
საბოლოო წერტილი კი დანი ოლმომ დასვა. 83-ე წუთზე საქართველოს კარში ბოლო გოლი გავიდა და ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება.