ჩელებაძე: „კვარა 2-3 წელიწადში ოქროს ბურთს მოიგებს“
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშით აღფრთოვანებული მსოფლიო სპორტული მედიის წარმომადგენლები ვეტერან ქართველ მოთამაშეებთან ინტერვიუებს სისტემატურად წერენ და ვილი სანიოლის მომზადებული გუნდის თამაშის შეფასების გარდა, საკუთარი მოსაზრების გამოთქმას ცალკეულ ფიგურებზეც სთხოვენ. ამჯერად მათი რესპოდენტის როლში თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფორვარდი რევაზ ჩელებაძე აღმოჩნდა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს პერიოდში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება უწინასწარმეტყველა.
რა თქვა ჩელებაძემ
ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი ხვიჩასთვის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე წინა გახლდათ. 2-3 წლის შემდეგ კი, კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ მოიგებს.
რაში სჭირდება ის „ნაპოლის“? ეს გუნდი ხომ ვერც ერთ ევროპულ საკლუბო ტურნირზე ვერ გავიდა? ხვიჩა გაცილებით მაღალი კლასის კლუბში მინდა გადაბარგდეს.
ვიცი, რომ მისი ოცნება „რეალში“ ასპარეზობაა, მაგრამ იქ თუ გადავა, მაშინ ფეხბურთის თამაში აღარ ენდომება. არ დაგვავიწყდეს, რომ სამეფო კლუბში მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორი და კილიან მბაპე არიან და ხვიჩამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ მათზე უკეთესია.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში „ნაპოლის„ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 45 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, მას პარტენოპეის პრეზიდენტმა ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდა შესთავაზა, თუმცა ხვიჩამ ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე საკლუბო მომავალზე გადაწყვეტილების მიღება არ ისურვა.